სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტს თბილისში წინ უძღვის ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი და ბრიუსელის გაფრთხილება. ევროპელი სტუმრებიდან მთავარი მიხაილ როთია - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც კანონის უკან გაწვევის გარეშე ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს ვერ ხედავს.
თბილისში მყოფმა ევროპელებმა შეშფოთება უკვე დააფიქსირეს ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან. ახლა ჯერი უმრავლესობაზეა.
"ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის რეჟიმში რჩება, უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალა" კი დარწმუნებულია, რომ ევროპელი დეპუტატების ვიზიტი თბილისში მხოლოდ ერთ მიზანს - პროცესების რადიკალიზაციასა და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება. ამ ფონზე, ევროპიდან სულ უფრო მკაცრი კრიტიკა ისმის. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ახლა კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა, ღიად თქვა, რომ ლონდონი მხარს უჭერს ხალხს, რომელიც კანონპროექტს აპროტესტებს. ბრიუსელში კი, გავრცელებული ინფორმაციით, ახალი განცხადება მზადდება.
გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა თბილისში თქვეს, რომ ევროპის ნამდვილ დედაქალაქს სტუმრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელ ნიშნებს ხედავენ რისი მიზეზიც, მათი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა საკუთარი გზავნილები სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციას გადასცეს. პარტნიორების დახმარებისა და მათგან ქმედითი ნაბიჯების მოლოდინში არიან სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები.
"ხალხის ძალის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს დედაქალაქში დასავლელი პოლიტიკოსების ვიზიტების მთავარი მიზანი პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, საზოგადოების პოლარიზება და ოპოზიციის მხარდაჭერაა. დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებსა და ვიზიტებს დღეს ბრიფინგით გამოეხმაურა პარტიის ლიდერი.
კანონპროექტის ინიციატორებს პროექტის უკან გაწვევას ურჩევენ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი.
მმართველი გუნდი კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მხრიდან არგუმენტირებულ შენიშვნებს ელოდება. "ქართული ოცნების" წევრების აზრით, დასავლელ პარტნიორებთან დიალოგი აუცილებელია.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.