16 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
აქცია "გავუთენოთ საქართველოს" - ძალადობის ფაქტები ორივე მხრიდან - რამდენი ადამიანი მოხვდა იზოლატორში, ვინ გაუთენა და ვინ დაგეგმა 12 მაისის ღამის აქცია

დღევანდელ აქციას წინ უძღოდა აქცია "საქართველოსთვის ღამის გათენება" - საწვიმრებითა და ცხელი სასმელებით, პროტესტის მონაწილეებმა შეკრება 21:00 საათიდან დაიწყეს, თუმცა დილის 9 საათზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა მაინც შედგა.

სად იყვნენ ორგანიზატორები და მიტინგის წამყვანები გამთენიისას? ეს კითხვა დღეს ბევრს გაუჩნდა, მათ შორის არის იაგო ხვიჩია, რომელმაც დღეს ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა. არაორგანიზებული და სულელური გადაწყვეტილები, ხალხის დაღლა და სპეცრაზმთან პირისპირ დატოვება - ეს მხოლოდ შერბილებული ნაწილია იმ ბრალდებების, რომელთაც "გირჩი" ორგანიზატორებს უყენებს და ბევრ ისეთ სიტყვას იყენებს, რომელიც ტელეეთერით არ ითქმის.

წუხანდელ ღამეს 20 დაკავებული ჰყავს. იზოლატორებში გადაყვანილებს ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებათ. ძალადობის ფაქტები გუშინ ორივე მხრიდან იყო. რუსთაველზე გადაღებულ კადრებში ჩანს ძალის გადამეტება და კანონდარღვევა, როგორც ცალკეული სამართალდამცველების, ისე - აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 6 საათისთვის დაიწყო. ძალოვანების ქმედებას ახლა სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პირველი მანქანის გამოჩენას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ. შეძახილები ისმოდა ჭიჭინაძის ქუჩიდან, სადაც გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი იყო შეკრებილი.

სწორედ ჭიჭინაძის ქუჩა იყო პროტესტის მთავარი წერტილი დღეს დილით. იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელი ტერიტორია სრულად დაიკავა და აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლა.

მალევე, ქუჩის კუთხეში მდგარ პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც დაიწყო. სამართალდამცველებმა აქციაზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს, დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმაც.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური ქაფიც გამოიყენა.

ინციდენტებს ჰქონდა ადგილი ჩიტაძის ქუჩაზეც. სიტუაცია გამთენიისას დაიძაბა - მაშინ, როდესაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება მოსთხოვა.

პოლიციამ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინა.

პარალელურად, 9 აპრილის ქუჩაზე გამოჩნდა წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები. თავისუფლების მოედანზე განთავსდა სპეციალური საპოლიციო ძალებიც.

აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ ასასვლელ ქუჩებზე გადანაწილდნენ. გამთენიისას, დაპირისპირება მათ შორისაც მოხდა.

აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 20 ადამიანი დააკავა, აქედან ერთი რუსეთის, ორი კი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. 20-ვე დაკავებულს გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

დაკავებულთაგან 5 ადამიანი ერთდროულად აიყვანეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც მხოლოდ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.

პარლამენტთან აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც.

ისმოდა პოლიტიკური გზავნილებიც. ოპოზიცია ამბობს, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ "ქართული ოცნება" გამჭვირვალობის კანონზე უარს არ იტყვის.

სამოქმედო გეგმა გაუგებარია "გირჩისთვის". იაგო ხვიჩიამ, რომელიც ყველა დემონსტრაციას ესწრება, აქციის დასრულების შემდეგ, ვრცელი, თამამი ვიდეომიმართვა ჩაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აფასებენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა როდესაც მოქალაქეები კანონს სცდებიან, მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებაც შესაბამისი იქნება.

საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის აპარატი სწავლობს დაკავებულთა საქმეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ყველა ფაქტზე  შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს. გამოძიება უკვე დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. უწყებამ 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აწარმოებს.

დღის ამბები