21 ივლისი 2024,   15:23
ვრცლად
რა მოხდა, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლში - იძალადა თუ არა მან "პოსტივის" ჟურნალისტებზე

ორი დღეა ორი უწყება არკვევს რა მოხდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის - დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, იძალადა თუ არა მან ტელეკომპანია "პოსტივის" წარმომადგენელზე და ფიქსირდება თუ არა მედიის საქმიანობაში ხელის შეშლა. ინციდენტის მონაწილე - "პოსტივის" თანამშრომელმა, რომელიც ჩიქოვანს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს მომხდარის საკუთარი ვერსია უკვე მოუყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" სამდივნოს წევრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს, თუმცა ამ ეპიზოდში, საუბარია ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე. ამ შემთხვევაში მთავარი ფიგურანტი სამოქალაქო აქტივისტი თათია სამხარაძეა, რომელიც დიმიტრი ჩიქოვანის სახლში იმყოფებოდა. "პოსტივის" თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ჩიქოვანის ბინიდან ჩხუბის ხმა გაიგო და პოლიცია ამიტომ გამოიძახა. სამხარაძეც და ჩიქოვანიც "პოსტივის" თანამშრომლის მონათხრობს კატეგორიულად უარყოფენ და საგანგებოდ მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობენ.

"პოსტივის" ჟურნალისტებმა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახური გვიან ღამით დატოვეს. ნაციონალური მოძრაობის სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან მომხდარ ინციდენტზე, ნათია ბერიძე გამომძიებლების შეკითხვებს 5 საათის განმავლობაში პასუხობდა. ჟურნალისტის თქმით, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა მას ხელით შეეხო, რაც გადაღებულ კადრებშიც ჩანს. კოკა კაციტაძის უწყებაში, ძიება ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის მუხლით მიმდინარეობს.

თავად დიმიტრი ჩიქოვანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მან დღეს, კურიერთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და მომხდარს პროვოკაცია უწოდა. ჩიქოვანი ჟურნალისტს ცრუ დასმენაში ადანაშაულებს, იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ კი საჩივრის დაწერას გეგმავს.

ინციდენტი 25 მარტს, გამთენიისას მოხდა. წერეთლის გამზირზე, რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი დაახლოებით ღამის 2 საათზე მივიდა. ამ დროს ჩიქოვანთან ერთად ბინაში სამოქალაქო აქტივისტი თათია სამხარაძე იმყოფებოდა. შეტყობინება სავარაუდო ძალადობის შესახებ, 112-ში "პოსტივის" ჟურნალისტმა დატოვა, რომელიც ამბობს, რომ სახლიდან ყვირილის ხმა გაიგო. რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით გამოძიება დაიწყო.

თათია სამხარაძე ამ დრომდე, კამერებთან არ გამოჩენილა. ნაციონალური მოძრაობის წევრის სახლში განვითარებულ მოვლენებზე კი მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დიმიტრი ჩიქოვანის მხრიდან ძალადობა ან რაიმე დანაშაული კატეგორიულად გამორიცხა. სამოქალაქო აქტივისტმა მომხდარს პროვოკაციას უწოდა, მედიას კი ჰპირდება, რომ ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ დეტალებზე საჯაროდ ისაუბრებდა.

ინციდენტს მალევე, განცხადებით გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობა". პარტიაში ჩიქოვანის პოზიციას იზიარებენ და ცრუ დასმენის მუხლით, გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. უმრავლესობის წევრებმა დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს, დიმიტრი ჩიქოვანს კი, უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან კავშირი შეახსენეს.

შემთხვევა, რომელიც ოპონენტს გურამ მაჭარაშვილმა შეახსენა, რამდენიმე კვირის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა. მაშინ ერთ-ერთ ლექტორთან დაპირისპირებული სტუდენტების უკან, სწორედ დიმიტრი ჩიქოვანის სახელმა გაიჟღერა. ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ფეისბუქ-პოსტში წერდა, რომ სტუდენტ დავით ჩხობაძეს ლექტორის საწინააღმდეგო კამპანიისთვის 1000 ლარი კეზერაშვილის ცოლისძმამ ჩაურიცხა. მმართველი პარტიის წევრი სტუდენტისგან საბანკო ჩარიცხვის გასაჯაროებას ითხოვდა, რაზეც ჩხობაძემ უარი თქვა.

25 მარტს, ღამით მომხდარი ინციდენტზე კი, საგამოძიებო მოქმედებები 2 უწყებაში გრძელდება - დიმიტრი ჩიქოვანს ამ ეტაპზე ჩვენება არ მიუცია. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მას სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიბარებენ.

დღის ამბები