15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
არ ვიცი რის საფუძველზე დასახელდა 58 კილო, დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანია კლინიკაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების შესვლას ითხოვს - მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი 58 კილოა და თავს ცუდად გრძნობს. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან სუსტი და ძალიან მძიმე. ითხოვს დაუყოვნებლივ სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფის შემოსვლას.

საკმაოდ დიდი მოცულობის ერბო-კვერცხი პომიდვრით, წიწიბურა, სალათი. დაახლოებით ერთი და იგივე (რაციონი) იმიტომ, რომ ვიცი დიდი არჩევანი არ მაქვს, ვერ ჭამს ეს ადამიანი და მოუტანე რაც გინდა შემწვარ-მოხარშული, ვერ შეჭამს.

რაღაცა გაიჟღერა, რაც მოვიდა ჩემამდე, ყოველთვის ირიბად ვიგებ ხოლმე ყველაფერს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან მისი უფლებადამცველი იმყოფება. ისინი სავარაუდოდ საუბრობენ სტრასბურგის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჯერჯერობით გაურკვეველია როდის გაიგზავნება ევროსასამართლოში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წონას, როგორც უფლებადამცველისთვის არის ცნობილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 58 კილოგრამს იწონის. 

"თარიღებზე არ მისაუბრია, შესაბამისად ვერ გეტყვით ეს ინფორმაცია საიდან აქვს. ვიცი ზუსტად ის, რომ ყველა სამართლებრივი ქმედება განხორციელდება მაშინ, როდესაც თავად მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე ჩათვლის, რომ არის საუკეთესო დრო ამისთვის.

როგორც ვიცი მე გუშინ გამოვითხოვე კიდეც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემები, ჯერ არ ამიღია უბრალოდ და სავარაუდოდ ხვალისთვის შევძლებ, რომ ავიღო კლინიკიდან. როგორც ჩემთვის ცნობილია დღეს იყო 58 კილოგრამი, დაზუსტებულ ინფორმაციას ვნახავ როცა ავიღებ სამედიცინო ისტორიას, თითქოს სააკაშვილის ბრალი არის თავად და თვითონ იზიანებს თავს. ამგვარი მტკიცებების არავითარი საფუძველი არ არსებობს. მე პირადად და არც ერთი პროფესიონალი ექიმი, რომელთანაც მისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით ვერც კი ვივარაუდებ როდის შეიძლება სააკაშვილი გახდეს კარგად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს იმ დონეზე, რომ მისი კლინიკიდან გადაყვანა გახდეს შესაძლებელი. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რაიმე გეგმები შეიძლება არსებობდეს, ეს პრინციპში სააკაშვილის მკვლელობას ნიშნავს," - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

ინფორმაციას არ ადასტურებს კლინიკა. ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის წონა ახლა 64 და 400-ია. "ვივამედის" კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ პატიმარი არ იცავს მედიკოსების რეკომენდაციებს და არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარს ამბობს მკურნალობაზე. თავადვე არჩევს ნაკლები კალორაჟის საკვებს, რაც მასთან მის ოჯახს მოაქვს.

"არ ვიცი რის საფუძველზე დასახელდა 58 კილო, ბევრად მეტს იწონის პაციენტი. დღეს ჩატარდა აწონვა, შემიძლია დავასახელო და ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ ამ ციფრებს იმიტომ, რომ კლება არის თუ მატება შემდეგ ეს ძალიან უარყოფითად აისახება მის დამოკიდებულებაზე ექიმების და ზოგადად მკურნალობის მისამართით.

დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. ეს არის წინა მონაცემებთან შედარებით მომატებული. ჩვენ ეს ყველაზე მეტად გვაწუხებს, რომ უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე.

მრავალფეროვნება იყო, წონაში მატებაც იყო, მაგრამ იმ პერიოდში თვითონ პაციენტი აცხადებდა აწონვაზე უარს," – აცხადებს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები