26 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ - მთელი ქვეყნის მასშტაბით, 58 პირია დაკავებული

კახეთში, სოფელ კაბალში და თბილისში, ფონიჭალის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია და სპეცრაზმი მასშტაბურ სპეცოპერაციას ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ატარებდა. სამართალდამცველებმა, რამდენიმესაათიანი ღონისძიების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია. სავარაუდო დამნაშავეებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავების ოპერაციისას პოლიციამ, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

ამოღებულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხაც. დაკავებულთა შორის კი არიან როგორც რეალიზატორები, ასევე ის პირები რომლებიც ნარკოტიკების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო მასალაც, რომლებშიც კარგად ჩანს, როგორ ახორციელებენ პოლიციელები საკონტროლო შესყიდვებს სხვადასხვა ლოკაციაზე. გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულები სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციასა და სოციალურ ქსელებს იყენებდნენ.

59 წლის ქალს ხელბორკილები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ნარკოდანაშაულის საქმეზე, მასთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაციც დააკავეს. მძიმე დანაშაულში ბრალდებულები ფონიჭალაში, თავისუფლების ქუჩაზე ცხოვრობენ. ამ მისამართზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გამთენიისას მივიდნენ.

თავისუფლების ქუჩაზე, დაკავებულების სახლს პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდა. "კურიერის" ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, დაკავებული 59 წლის ქალის ადვოკატმა ჟურნალისტებთან დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა, რომ საქმის მასალების ჩაბარებას ელოდება.

ფონიჭალა, აღმაშენებლის ქუჩა- ეს კიდევ ერთი მისამართია სადაც ნარკოდანაშაულის საქმეზე , სპეცოპერაცია ჩატარდა. აქ პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე , შუახნის მამაკაცი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველებმა სახლიდან კონკრეტული ნივთიერი მტკიცებულებებიც გამოიტანეს და ექსპერტიზაზე წაიღეს. მეზობლების თქმით, ანალოგიურ დანაშაულზე, რამდენიმე თვის წინ, მისი ოჯახის კიდევ ერთი წევრი დააკავეს .

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ხელმძღვანელობდა.

კაბალში პოლიცია ერთდროულად 5 საცხოვრებელ სახლში შევიდა. დაკავებულია 4 პირი. ყველა მათგანს გამოძიება ნარკოტიკების რეალიზაციას ედავება. "კურიერის" ინფორმაციით სამართალდამცველებმა, მათი სახლების, ავტომობილებისა და პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი ნივთიერებები, რეალიზაციისთვის საჭირო მოწყობილობები და თანხა ამოიღეს.

ჩატარებულ სპეცოპერაციებზე, დღის ბოლოს, შინაგანს საქმეთა სამინისტროს ვიდეო მასალაც გაავრცელა . ფარულ ჩანაწერებში საკონტროლო შესყიდვები ჩანს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაღებულია , დაფასოებული ნივთიერებების ე.წ სამალავებში დადების პროცესიც. დამნაშავეებს ეს ადგილები წინასწარ ჰქონდათ შერჩეული. ნარკოტიკის შესანახად ძირითადად სადარბაზოებს და ისეთ ადგილებს იყენებდნენ, სადაც ხალხი ნაკლებად გადაადგილდებოდა. კლიენტი რეალიზატორს თავდაპირველად, საბანკო ანგარიშზე თანხას ურიცხავდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას მოთხოვნილი ნარკოტიკული საშუალების აღება .

ნარკოდანაშაულში ბრალდებულების ნაწილი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, ნაწილის მიმართ კი სპეცოპერაცია გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ნარკოდანაშაულის მუხლით დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემიხვევა, პატიმრობა 20 წლამდე, ან უვადო განისაზღვრება.

დღის ამბები