15 ნოემბერი 2024,   06:07
ვრცლად
ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა მიხვდეს, თუ რა შარში გაეხვა,  არც ერთ მხარეს არ გააჩნია დამაჯერებლობა - იაგო ხვიჩია BBC-ის საგამოძიებო მასალაზე

პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად, BBC-ის საგამოძიებო მასალა რჩება. 

ე.წ. ქოლცენტრების სქემის ორგანიზატორად, დავით კეზერაშვილის დასახელებამ, არგუმენტები ყოფილი ჩინოსნის მიმართ მმართველ გუნდის გარდა, ოპოზიციის ნაწილსაც გაუმყარა. 

ოპოზიციის ნაწილი ღიად მოუწოდებს დავით კეზერაშვილს გაემიჯნოს პოლიტიკურ პროცესებს, ვინაიდან ის მხოლოდ ნეგატიურ როლს თამაშობს. მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობიდან" კოლეგების პოზიციაც, რომლის მიხედვითაც, ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი, ემსახურებოდა ხელისუფლების მცდელობას, გადაეფარა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები:

"ნაციონალური მოძრაობისთვის" ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი დამაზიანებელია, რაც მათი წარსული მმართველობის პერიოდს უკავშირდება. იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი თუ სხვა პირი, პოლიტიკური თვალსაზრისით დამაზიანებელია იმიტომ, რომ ამ წარსულს მოქალაქეებმა უარი უთხრეს. თუ დადასტურდა, რომ კეზერაშვილი იყო ამ თაღლითური სქემის მონაწილე, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებს ადამიანი, რომელიც თაღლითური სქემის მონაწილეა,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.

იაგო ხვიჩიას განცხადებით კი, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, დამაჯერებლობა არც ერთ მხარეს არ გააჩნია:

"რეალურად არც ერთ მხარეს არ გააჩნია დამაჯერებლობა. ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა მიხვდეს თუ რა შარში გაეხვა და დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში, აქედან გამოსვლას უნდა ეცადოს,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

საქმე ეხება BBC-ის საგამოძიებო მასალას, სადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თაღლითობაზე საუბარი. 

"ბიბისი აიმ" დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის, პენსიონერებიც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის “სოლო ქეფითალს“-ის ოფისებიდან.

დღის ამბები