სტრასბურგი სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენებამდე, დამატებით ინფორმაციას ელის. 14 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თხოვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელისგან და საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიიღოს.
ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კითხვა ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
"დროებით გადავადებას ვითხოვთ და პირველ პლანზე უნდა იყოს ჯანმრთელობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი, რაც ასახავს მის ჯანმრთელობას, წარდგენილია. ალბათ დამატებითი შეკითხვები გაუჩნდათ და გაეცემათ პასუხი. მე ვფიქრობ, რაც იყო წარდგენილი, ამომწურავად არის ყველაფერი, მაგრამ ალბათ დადასტურება უნდათ; თანაც - დრო ხომ გადის და ვითარება იცვლება ყოველდღიურად. დანართის სახით საჩივარს დაერთო ფაქტობრივად ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო ამ საქმისთვის. ვადა აქვთ მიცემული, მგონი, 28-მდე და ჩაეტევიან, იმედია, ამ ვადაში. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს მიიღებენ მხედველობაში და დაგვრთავენ ნებას,"-აცხადებს გიული ალასანია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ამ ეტაპზე, დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.
"სტრასბურგის სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, იმ ეტაპზე, როდესაც გაგზავნილია აპლიკაცია, მე ვფიქრობ, რომ არ არის ეთიკური ამ საკითხზე ვისაუბრო, თუმცა, ბუნებრივია, იმედი მაქვს, რომ ევროსასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვის საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტით იხელმძღვანელებს,"-აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, დასკვნა პაციენტის მდგომარეობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს უახლოეს დღეებში გაეგზავნება.
"ჩვენ იუსტიციის სამინისტროს რეგულარულად ვაწვდით შუალედურ ფორმა 100-ს, სადაც ასახულია მიმდინარე მდგომარეობა პაციენტის და მიმდინარე მკურნალობის პროცესი.კვირაში ჩვენ ვაწვდით სამედიცინო დასკვნას პენიტენციურ დაწესებულებას და ასე გაგრძელდება ამ კვირაშიც. ინფორმაციას სპეციალისტების, მათ შორის, ფსიქიატრების დასკვნის შესახებ აუცილებლად მივაწვდით პენიტენციურ დაწესებულებას. გარკვეული პერიოდულობით, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ყოველთვის იმყოფება პაციენტი, შემოსვლის პირველივე დღიდან,"- აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა 11 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს.
ავტორი: ანუკა ბუავა