12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 30-მდე წარმომადგენელი საქართველოშია - ისინი დღეს ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან. არჩევნების დღეს მონიტორინგს გაუწევენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები.
"იმედისმომცემია, როცა ვხედავთ როგორ გამოიყენება ახალი სისტემა, რომელიც არის უფრო გამჭვირვალე, დაცული და ინოვაციური. მე და ჩემი კოლეგები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქ ვართ, რომ ვნახოთ შედეგები და დავრწმუნდეთ, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, მათი ხმა გაგებული იყოს,"- აცხადებს დამკვირვებელი.
დამკვირვებლებთან ერთად, ქუთაისში ჩავიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
"პირველად ხდება, როდესაც ფართომასშტაბურად ხორციელდება ტექნოლოგიების გამოყენება. მათ მნიშვნელოვნად შეუძლიათ გაამარტივონ კენჭისყრის დღის პროცედურები და მინიმუმამდე დაიყვანონ ადამიანური შეცდომები. ის ნოვაცია, რომელიც ჩვენ ამ არჩევნებზე პირველად გვექნება და რომელიც უკავშირდება პლანშეტების მეშვეობით, პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოგზავნას, ეს უკავშირდება იმას, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულ ვადაში მოვახდენთ წინასწარი შედეგების გამოცხადებას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით, დღეს ქვეყანაში იმყოფება 12 საერთაშორისოსაარჩევნო ადმინისტრაციების 30 დელეგატი,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
დღეს, პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება - საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, კენჭისყრა დაწყებულია.