27 ივლისი 2024,   04:13
ვრცლად
რა ღონისძიებები ელით რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს - ქალაქის მთავარ გამზირზე არაერთი შემეცნებით-გასართობი სივრცეა მოწყობილი

ფიცის დადების ცერემონია მხოლოდ დასაწყისია - 26 მაისის საზეიმო პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ცენტრალურ გამზირზე. მოწყობილია სხვადასხვა სივრცე, მათ შორის ღვინის, სპორტის, კულტურის, საბავშვო კუთხეები. ამასთან, 150-მდე მეწარმეა წარმოდგენილი და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ პროდუქციას.

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გენერალური რეპეტიცია, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები ნელ-ნელა უკვე იკრიბებიან.

დღეს თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების დეტალების შესახებ "კურიერი" ერთ-ერთ ორგანიზატორს, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, თათა სვანიძეს ესაუბრა.

"თავისუფლების მოედანზე სწორედ 11 საათზე დაიწყება ფიცის დადების საზეიმო ცერემონია, რომლის ბოლო გენერალური რეპეტიცია სულ ცოტა ხნის წინ იყო. რუსთაველის გამზირზე 12 საათიდან მოსულ სტუმრებს დახვდებათ ძალიან ბევრი შემეცნებით-გასართობი აქტივობა, უზარმაზარი ღვინის სივრცე, რადგან 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყანა ვართ, რა თქმა უნდა, საბავშვო სივრცეები, სპორტული სივრცე და ტრადიციული სტარტაპ მარკეტი, სადაც 300-ზე მეტი მეწარმე იღებს მონაწილეობას. ყველა ასაკის სტუმარზე ვიფიქრეთ და მაქსიმალურად ყველა სივრცეში დაგხვდებათ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოგეწონებათ და თქვენთვის იქნება მოსაწონი.

ბავშვებისთვის რუსთაველის გამზირზე ორი დიდი სივრცეა მოწყობილი. ერთი გახლავთ ტკბილეულის სივრცე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა, მეორე კი ძალიან დიდი სანაყინე. როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ეს გახლავთ დეკორაციაშიც გამოხატული, ანიმატორები და ზღაპრის გმირები გაართობენ პატარებს და დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად მოვუყვებით მათ, რომ უნდა იამაყონ ამ დღით, ჩვენი დამოუკიდებლობით.

დღის კულმინაცია, ტრადიციულად, იქნება გალა-კონცერტი, რომლისთვისაც როგორც თბილისი, ასევე მუნიციპალიტეტები აქტიურად ემზადებიან. საღამოს 20:30-ზე დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი, რომლის რეჟისორიც ბაკურ ბაკურაძეა და, ვფიქრობ, თქვენთვის ძალიან საყვარელი სიმღერები ახალი არანჟირებითა და ძალიან საინტერესო შესრულებით გელოდებათ.

წელს პირველი შემთხვევა გახლავთ, როდესაც სამხედროები ფიცს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დებენ - თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში,"-განაცხადა თატა სვანიძემ.

დღის ამბები