24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
"გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ?" - პუტინი ვიზების მოხსნასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების რეაქციით გაკვირვებულია

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ვიზების გაუქმების შემდეგ საქართველოში გამოხატული რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ მან "დელოვაია როსიას" წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "აი, მადლობა, კარგია." არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია”, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება დასვენების სეზონიდან გამომდინარე მიიღო. პუტინის თანახმად, მას ასევე სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ და ასევე, რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.

“ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი მონაკვეთი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ იმის გათვალისწინებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს," - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ განვითარდეს და რა გზით იაროს.

დღის ამბები