25 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
ოპოზიციიდან არავის უნდა ევრორეკომენდაციის შესრულება - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციიდან არავის უნდა ევრორეკომენდაციების შესრულება.

მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც საუბარი ეხება ასოცირების შეთანხმებიდან გამოწვეულ ვალდებულებებს, ოპოზიციის მხრიდან, მავნებლური პიარის გარდა, პროცესებში ჩართულობას უმრავლესობა ვერ ხედავს.

"ოპოზიციიდან არავის უნდა გამოსვლა, არც აქ ყოფნა უნდა, არც ევრორეკომენდაციის შესრულება უნდა. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი ეხება ასოცირების შეთანხმებიდან გამოწვეულ ვალდებულებებს, მის მდგენელებს, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ პუნქტებს ეხება ევრორეკომენდაციების, გარდა მავნებლური პიარისა, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცერთ საქმიან ვერც სიტყვას და ვერც დასწრებას. არა თუ სიტყვაზეა, ჩართულობაზე, შენიშვნის გამოთქმაზე, თუ არ არის ჩადებული შენიშვნაში, კრიტიკაში მავნებლობა, დაზიანება და ქვეყნის იმიჯის დაზიანების ინტერესი, ჩვენი ოპონენტები ფიზიკურად არ არსებობენ. არც კი ესწრებიან ამას. ოღონდ, დამერწმუნეთ, ზოგ შემთხვევაში არც კი იციან, სადაც მავნებლობის საშუალება არ არის, არც კი იციან რა  გადის. ეს არის უტყუარი ინდიკატორი, რა სურთ მათ სინამდვილეში.

ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ სახის შენარჩუნებისათვის მაინც მიიღონ მსგავსი საკითხების განხილვაში მონაწილეობა," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტმა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა

დღის ამბები