26 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
რატომ არ ესწრება ოპოზიცია განხილვებს 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე - პასუხისმგებლობას ოპონენტები ხელისუფლებას აკისრებენ

რატომ არ ესწრება ოპოზიცია განხილვებს 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე - უმრავლესობა ოპონენტებს პასუხისმგებლობას ახსენებს და აცხადებს, რომ როცა საქმე ეხება ევრორეკომენდაციების კონკრეტულ პუნქტებს, გარდა მავნებლური პიარისა, ვერ ხედავს ვერც საქმიან დიალოგს და ვერც დასწრებებს შესაბამის განხილვებზე.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოპოზიცია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს, რათა პარტნიორები დაარწმუნონ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს იმსახურებს.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ოპოზიცია ყოველთვის აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ქვეყანას უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრობის სტატუსი.

"თურმე ოპოზიცია ფეიკ პოზიციებით მოქმედებს და ვითომ უნდათ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება. ერთს ვიტყვი, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, მიუხედავად ამ ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად რუსული მოღალატე ხელისუფლების პირობებში, ოპოზიცია ყოველთვის აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მიუხედავად ამ ხელისუფლების პირობებში, ქვეყანას უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებებს, ნეტა მართლა ფეიკ პოზიციებს მაინც აფიქსირებდნენ ისეთს, რომელიც ვინმესთვის მაინც იქნება დამაჯერებელი, რომ რამენაირად ცდილობენ 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდეს," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ შარშან, ხელისუფლება რომ დაბრუნებულიყო შარლ მიშელის შეთანხმებაში, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული ექნებოდა.

"ნუ დაგვავიწყდება, რომ ამის განმსჯელია თავად ევროპა. ევროპა განსჯის, მანამდე ჩვენ ვინც დაინტერესებული ვართ სისხლხორცეულად და გვჯერა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, კეთილდღეობა, თავისუფლება უკავშირდება ევროკავშირთან დაახლოებას, ევროპულ ოჯახში შესვლას, ვთვლით, რომ ის თემები რაც პრობლემურია დროზეა გასასწორებელი. ჯერ კიდევ შარშან ამ დროს ხელისუფლება რომ დაბრუნებულიყო შარლ მიშელის შეთანხმებაში, მაშინ ჩვენ ივნისში უკვე მიღებული გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში.

""ქართული ოცნების" სრული პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში აკეთებს ყველაფერს, მონაწილეობას იღებს დისკუსიაში და მე არ მახსენდება არც ერთი საკითხი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაითვალისწინა, რაც შესთავაზა ოპოზიციამ,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები