26 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
კობახიძე ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალებაზე: ვიზიარებ ახლობლების მწუხარებას... რაც მოხდა უკანონო დაპატიმრების სახით, მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო

ძალიან სამწუხაროა, ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. რაც მოხდა თავის დროზე, უკანონო დაპატიმრების სახით, რეალურად, იყო ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა მაშინდელი რეჟიმის მიერ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქების გამო წინა ხელისუფლების დროს დაკავებული ერთ-ერთი ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხი ფოტოგრაფის დაკავება ფოტოების გადაღების გამო, გაუგონარი მოვლენა იყო, რომლის გამო, შეშფოთება თავის დროზე, არავის გამოუთქვამს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ფოტორეპორტიორებს და აღნიშნა, რომ მათ მიერ ფოტოების გადაღება და შემდეგ გამოქვეყნება, გმირობის ტოლფასი იყო.

„მხოლოდ ფოტოების გამო, ოთხი ფოტოგრაფი უკანონოდ დააპატიმრეს, ეს იყო უბრალოდ, გაუგონარი მოვლენა და აჩვენებდა მაშინდელი რეჟიმის სახეს. არ შემიძლია ისიც არ გავიხსენო, რომ მე არ მახსენდება შეშფოთებული განცხადებები ამ ფაქტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ასე უხეშად ირღვეოდა ადამიანთა უფლებები, ფოტოგრაფებს მხოლოდ ფოტოების გადაღების გამო იჭერდნენ, პირდაპირ ასე თავხედურად იქცეოდნენ, ამ ფონზეც კი ჩვენ არ გვახსოვს შეშფოთებები სხვადასხვა მიმართულებიდან. ეს იყო ძალიან მძიმე დრო. ყველას გვახსოვს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის კუთხით რა ვითარება იყო და მე კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც, რეალურად, გმირობა ჩაიდინა ამ ფოტოების გადაღება და შემდეგ გამოქვეყნებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროა ამ ადამიანის გარდაცვალება.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქების გამო, ნათია და ირაკლი გედენიძეებთან და გია აბდალაძესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს დამნაშავედ ცნეს. აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.

დღის ამბები