20 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
1900-მდე დატბორილი სახლი და სტიქიის ზონიდან ევაკუირებული 1500-ზე მეტი სამოქალაქო პირი - ასეთია კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგები ამ დროისათვის

1900-მდე დატბორილი სახლი და სტიქიის ზონიდან ევაკუირებული 1500-ზე მეტი სამოქალაქო პირი. მეორე დღეა უკრაინაში კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავებას ცდილობენ. ბოლო მონაცემებით, ხერსონის დეოკუპირებულ ზონაში განადგურებულია 10 000 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწა. კიევის ცნობით, წყალდიდობის შედეგად არავინ დაღუპულა. თუმცა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 7 სამოქალაქო პირი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, გაცილებთ მძიმე მდგომარეობაა ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეჭვობენ, რომ აგრესორს ევაკუაცია სრულად არ ჩაუტარებია. ერთ-ერთი მტკიცებულება, უკრაინელი სამხედროების მიერ დრონით გადაღებული კადრებია.

ჰესის აფეთქებაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოკუპანტ ქვეყანას ხმამაღალი განცხადებების გარდა, სხვა მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარუდგენია. მოსკოვის მამხილებელი არაერთი დოკუმენტი მოიპოვეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა. ერთ-ერთი ხერსონის დე ფაქტო მმართველების გადაწყვეტილებაა, მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით, რომელიც კაშხლის დაზიანებამდე 2 დღით ადრე გამოიცა. ასევე, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების დადგენილება - ომის პერიოდში დაზიანებულ სტრატეგიულ ობიექტებზე საგამოძიებო სამუშაოების აკრძალვასთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, აკრძალვა 2028 წლამდე მოქმედებს. მისი მიღება კი, კატასტროფამდე 10 დღით ადრე მოხდა.

უკრაინულ მედიაში გამოჩნდა 2022 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული ერთ-ერთი ოკუპანტის ინტერვიუც, სადაც ის ჰიდროელექტროსადგურის დანაღმვაზე საუბრობს.

კახოვკას კაშხლის აფეთქებაზე ურთიერთბრალდებები ისმოდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც.

ჰიდრო-ელექტროსადგურის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი კიევს დაეხმარება და მარტო არ დატოვებს. თუმცა, ბაიდენს არ დაუკონკრეტებია ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე. მეტ ფაქტებს და მტკიცებულებებს ელოდება ლონდონიც. თურქეთის პრეზიდენტმა კი, პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წამოაყენა. შედგა თუ არა შეთანხმება უცნობია. ცნობილია, რომ ზელენსკი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.


უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 18 მილიარდამდე კუბურ მეტრ წყალს აკავებდა გუშინ, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა. მოვარდნილმა წყალმა 80-მდე დასახლება დატბორა. კონკრეტულად რა ზიანზეა საუბარი ჯერჯერობთ უცნობია. სპეციალისტების პირველადი დასკვნა, დაახლოებით 48 საათში გახდება ცნობილი.

დღის ამბები