04 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
მეგის ქარდავა ირწმუნება, რომ უდანაშაულოა - რა მოთხოვნები წამოაყენა ბრალდებულმა სასამართლოზე 

ბრალდებული მეგის ქარდავა ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლებაა დარღვეული.

განცხადება ბრალდებულმა მოქალაქე ბელა როგავას მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმის განხილვის დროს გააკეთა.

დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მეგის ქარდავა ითხოვდა, დაზარალებული ბელა როგავა დისტანციურად არ გამოკითხულიყო, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დაზარალებულ ქალს კითხვებს შემდგომ პროცესზე, სწორედ დისტანციურად დაუსვამენ.

ბელა როგავა, რომელიც გამოძიების ცნობით, წინა ხელისუფლების დროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება.

"ჩემი მოთხოვნა თავიდანვე იყო ის, რომ მომხდარიყო ადგილზე აღნიშნული მტკიცებულების, ჩვენების გამოკვლევა,"- აცხადებს ბრალდებული მეგის ქარდავა.

ამასთან, ბრალდებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე, ბელა როგავას წარმოდგენა არის აუცილებელია, ვინაიდან მოსამართლემ შეამოწმოს მისი სანდოობა და ემოციური ფონი.

"მიუხედავად ჩვენი დასაბუთებისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და მაინც დაუშვა ბელა როგავას დისტანციური დაკითხვა. რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნას, თუ რატომ უნდა დაკითხულიყო - ძალიან მნიშვნელოვანია მისი სასამართლო პროცესზე ფიზიკური წარმოდგენა, მისი ჩვენების სანდოობის შემოწმება, ფიზიკურად მოსამართლემ გაიგოს, რა კონკრეტულ პირთან აქვს შემხებლობა" - აცხადებს ადვოკატი გია გოროზია.

 

დღის ამბები