"უკრაინაში არცერთი "პატრიოტის" სისტემა არ არის განადგურებული,"-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "რამშტეინის" ფორმატის შეხვედრის შემდეგ პრიორიტეტად იარაღის მიწოდების სიჩქარე სახელდება.
"რუსეთში ვინც არ უნდა თქვას, რომ ჩვენი "პატრიოტები" გაანადგურეს, გეტყვით, რომ ყველა ადგილზეა და მუშაობს, ყოველი მათგანი რუსულ რაკეტებს რაც შეიძლება ეფექტურად ანადგურებს. არცერთი "პატრიოტი" არ არის განადგურებული.
რაც შეეხება ტერორისტულ სახელმწიფოს, ერთადერთი, რაც მათ ახლა უნდა აწუხებდეს, არის ის, თუ როგორ მოამზადონ თავიანთი, რუსული საზოგადოება იმისთვის, რომ დაკარგავენ ყველაფერს, რისთვისაც ანგრევენ თავიანთი სახელმწიფოს მომავალს. რუსეთი დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. დეოკუპაციისკენ ჩვენს ნაბიჯებს ალტერნატივა არ აქვს და არც ექნება," - განაცხადა ზელენსკიმ.