19 აგვისტო 2026,   05:32
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა, თბილისის ბალეტის ფესტივალს ეთმობა, რომელსაც "ოტელო" გახსნის

ალექსი მაჭავარიანის ოტელო 65 წლის წინ ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა. სპექტაკლი, რომელსაც თავის დროზე, უდიდესი აღიარება მოჰყვა, ახლა თბილისის საბალეტო ფესტივალისთვის მზადდება. საოცნებო როლები ბოსტონის ბალეტის წამყვანმა სოლისტმა ლაშა ხოზანიშვილმა და ნინო მათიაშვილმა გადაინაწილეს. "ოტელო" ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ფესტივალს გახსნის.

ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ სცენაზე, თბილისის საბალეტო ფესტივალის რეპეტიცია, დღეს პირველად მიმდინარეობს. ბალეტის დასი ნინო ანანიაშვილთან ერთად, "დონ კიხოტს" მაყურებლისთვის ამზადებს. სოლისტი ნინო სამადაშვილი იქნება, მას სცენაზე პარტნიორობას ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი გაუწევს.

თბილისის საბალეტო ფესტივალი, წელს მეოთხედ გაიმართება. პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალი გრანდიოზული პროგრამით ბრუნდება. წელს, მთავარი სტუმარი უკრაინის ნაციონალური საბალეტო დასია. თბილისში სხვადასხვა ქვეყნიდან, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებს ელოდებიან. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე იცეკვებენ ალესანდრა ფერრი და მარსელო გომესი.

ფესტივალზე მაყურებელი ნახავს "ჟიზელს," რომელსაც მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი, პრიმა-ბალერინა, ალინა კოჟეკარუს და ინგლისის სამეფო ბალეტის წამყვანი მოცეკვავე რიის კლარკის იცეკვებენ. თბილისის საბალეტო ფესტივალი, რომელიც 28 ივნისს დაიწყება, 9 ივლისს "კარმინა ბურანა" დახურავს. დახურვის დღეს საკონცერტო შესრულება "თეატრში" გაიმართება, სადაც მონაწილეობას საბალეტო დასსთან ერთად ოპერის მომღერლებიც მიიღებენ.

დღის ამბები