20 აგვისტო 2026,   05:42
ვრცლად
გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია - წლების განმავლობაში ტერიტორია მაღალი რისკის მეწყერსაშიში ზონა იყო

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, წლების განმავლობაში, ტერიტორია მაღალი რისკის მეწყერსაშიში ზონა იყო. სტიქიური პროცესების გააქტიურების დროს, ფერდი საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ინფრასტრუქტურას. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იყო საცხოვრებელი კორპუსი და საჯარო სკოლა. რამდენიმე თვის წინ, მუნიციპალიტეტმა ფერდის გამაგრების პროექტი დაიწყო. დასრულებული სამუშაოები შეაჯამა დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.

პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა რელიეფზე რამდენიმეთვიანი დაკვირვება. პროცესში ჩართულები იყვნენ გეოლოგები და ექსპერტები. სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ფერდობზე არსებული მიწის მასა მუდმივ მოძრაობაში იყო, რაც უხვი ნალექის დროს მეწყრული პროცესების წარმოქმნის რისკს ზრდიდა.

ფერდის გამაგრების პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართა. თავდაპირველად დაიგეგმა საინჟინრო სამუშაოები. მთლიანი ფერდის რელიეფი დაიყო ტერასებად, რის შედეგადაც შემცირდა გრუნტზე ზეწოლა. საბოლოო და მთავარი სამუშაო იყო 40 მეტრი სიგრძის საყრდენი კონსტრუქციის მოწყობა.

ლიბანის ქუჩაზე ფერდის გამაგრებითი სამუშაოები რამდენიმე თვე გაგრძელდა. შედეგად, საფრთხე, რომელიც ადგილობრივებს ემუქრებოდათ, სრულად მოხსნილია. პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტმა 2 მილიონი ლარი გამოყო.

დღის ამბები