საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ, განცხადებას ავრცელებს.
მასში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აზარტული თამაშების შემცველ ღონისძიებებში არასრულწლოვანებიც ერთვებიან.
"ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ტოტალიზატორმა "ბეტლაივმა" გამართა ქალაქ ზესტაფონში. რასაც, ვფიქრობთ, შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ აქტივობები ფართო აუდიტორიის წინაშე იმართება და მათში მონაწილეობის შესაძლებლობა ბავშვებსაც ეძლევათ.
განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ მოზარდების აზარტულ თამაშებში, თუნდაც გართობის ფორმით ჩართვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მათში გემბლინგისადმი ინტერესისა და შემდგომ თამაშდამოკიდებულებისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.
მაშინ, როდესაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება და ასეთი ადამიანების მდგომარეობიდან გამოსაყვანად ხშირად ხანგრძლივი და კომპლექსური, მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება ხდება საჭირო.
არასრულწლოვანთა ამგვარ ღონისძიებებში ჩართვა ბავშვებში აზარტული თამაშების პოპულარიზებისა და ინტერესის გაღვივების საშუალებაა და აზარტული თამაშების სფეროში მოქმედი რეგულაციების მოთხოვნათა უხეში დარღვევაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს, შეისწავლოს მსგავსი ფაქტები და გამოიყენოს ყველა შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმი მათ აღმოსაფხვრელად.
ამასთან, მივამართავთ მშობლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ბავშვების ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ შესაძლოა მომავალში მძიმე შედეგების მიზეზი გახდეს როგორც თავად მოზარდისთვის, ისე მისი ოჯახისა და მთლიანად საზოგადოებისთვის.
საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელია დროული და კოორდინირებული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან, რათა ბავშვები დაცული იყვნენ მავნე ჩვევებისადმი დამოკიდებულების რისკებისაგან.
არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი არსით, ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ამიტომ საჭიროა ყველა შესაძლო ზომის მიღება, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და ასეთი შემთხვევები მომავალში სრულად გამოირიცხოს.
მსგავს ფაქტებზე, რომლებიც მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესს საფრთხეს შეუქმნის, საქართველოს საპატრიარქოს მუდამ ექნება მკაფიო რეაქცია და მათ აღსაკვეთად ყველა შესაბამის შესაძლებლობას გამოიყენებს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.