შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ლისის ტბაზე მივიდა. მისი თქმით, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს კორდონების გარღვევა, თუმცა პრაიდის მონაწილეები ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან.
"აქ იყვნენ შესაბამისი ძალები და დანაყოფები მობილიზებულები, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ ბევრნი მოვიდნენ კონტრაქციის მონაწილეები.
ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს პოლიციის კორდონების გარღვევა და შემოსვლა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ამჟამად პოლიცია ცდილობს სიტუაციიის სტაბილიზებას და ვცდილობთ, რომ არავისზე თავდასხმა არ მოხდეს.
დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა. მოგეხსენებათ, რომ ყველა აქციაზე 100%-იანი უზრუნველყოფა რთულია, მით უფრო, როდესაც გაშლილია ტერიტორია. ჩვენ ამ რისკებზე მუდმივად ვსაუბრობდით, კონტრაქციის მონაწილეები ძალიან ბევრნი არიან. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული," - აცხადებს დარახველიძე.