27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
განაჩენი ვაკის პარკის საქმეზე - ვინ გაამართლა საქალაქო სასამართლომ ტრაგიკულ ისტორიაში

ვაკის პარკი საქმეზე, 9-დან 8 პირი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალება, 8 ბრალდებულის დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება. ყველაზე მაღალი სასჯელი - 6 წლიანი პატიმრობა "გრინსერვის პლიუსის" დირექტორ ლაშა ფურცხვანიძეს მიესაჯა, მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი ვახტანგიშვილს კი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გამამტყუნებელ განაჩენს დარბაზში პროტესტი მოჰყვა. მოსამართლემ დამსწრეები სხდომიდან გააძევა.

გამართლდა მხოლოდ ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი. ის 9 თვის წინ, ძმასთან ერთად დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის დავალებით და "გრინსერვის პლიუსის" დაკვეთით, შადრევნის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე წყალში დამონტაჟებულ კაბელებს გობეჯიშვილები ფუთავდნენ. ამ პროცესში დაზიანდა ერთ-ერთი ელექტროსადენი და წყალზე დენი გავრცელდა, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. გიორგი გობეჯიშვილს 4 წელი მიესაჯა. მეორე ძმა კი, რომელიც სასამართლომ დამხმარედ ჩათვალა, დარბაზიდან გაათავისუფლა.

გობეჯიშვილების მსგავსად, ბრალი არცერთ ეტაპზე არ უღიარებიათ დანარჩენ დაკავებულებს. ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, 3.6 თვით პატიმრობა შეეფარდა კომპანია "მშენექსპერტის" 2 ექსპერტს. 3 წელი მიესაჯათ "გრინსერვის პლიუსის" 2 თანამშრომელს და ასევე რეაბილიტაციის პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც შემდუღებლები დაიქირავა. მსჯავრდბულების ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება, უსაფრთხოების წესების დარღვევა და სამსახურებრივი გულგრილობა - ამ ბრალდებებზე პროკურატურის მიერ წარდგენილი თითქმის ყველა მტკიცებულება სასამართლომ გაიზიარა.

ტრაგედია ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. მოზარდებს, რეაბილიტირებულ შადრევანში ბურთი გადაუვარდათ. ორი მათგანი წყალში ჩავიდა, რა დროსაც დაზიანებული კაბელიდან მათზე დენი გავრცელდა. მეგობრების დასახმარებლად შადრევანში მარიტა მეფარიშვილი შევიდა. მოზარდმა ძლიერი ელექტროტრავმა მიიღო. მეგობრები გადარჩნენ, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პასუხისგებაში 14 პირი მიეცა, 9 ბრალდებულის განაჩენი დღეს გამოცხადდა. 3 იურიდიული და 2 ფიზიკური პირის საქმის განხილვა კი ამ დრომდე გრძელდება

დღის ამბები