პრემიერ-მინისტრმა ცაგერში ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, დავით აღმაშენებლის ქუჩა და სკვერი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე ცაგერის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. ცაგერში აღნიშნული პროექტები ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში განხორციელდა. აშენდა ახალი აგრარული ბაზრის თანამედროვე სტანდარტების შენობა.
ცაგერში დასრულდა ლადო ასათიანის სახელობის სკვერისა და რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული 17 შენობის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სკვერის საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა დამატებითი გარე განათება, განახლდა რეკრეაცია, შენობების ფასადები, ვიტრაჟები, საფეხმავლო ზოლი და მიმდებარე სახლების ღობეები.
ცაგერში სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად, პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებზე დაიხარჯა ხუთ მილიონ ლარზე მეტი, ხოლო მესამე ეტაპის სამუშაოებზე დამატებით იგეგმება მილიონი ლარის ინვესტირება. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.