19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
წარმატებით ჩატარებული ჩემპიონატისთვის უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერს მადლობას უხდის

ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი, რომლის მასპინძელი საქართველო პირველად იყო, ქართველი გულშემატკივრისთვის არაერთი მიზეზის გამოა დაუვიწყარი. როგორც აღმოჩნდა, ეს შთამბეჭდავი თავგადასავალი იყო ტურნირის მონაწილე სხვა ნაკრებებისა და დელეგატებისთვისაც. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობის წერილი პირადად გაუგზავნა.

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილში მაღალი დასწრების და ტურნირის ხარისხის გარდა, ყურადღება ეთმობა ძალისხმევას, რომელიც საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვაზე იყო მიმართული, მათ შორის, ნახსენებია ხუთი ახალი საწვრთნელი ბაზა და სტადიონები თბილისსა და ქუთაისში.

ალექსანდერ ჩეფერინის შეფასებით, ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთზე მომავალში დიდ გავლენას იქონიებს. მეტი წარმატების მოლოდინი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ მატჩებს ოჯახის წევრებთან და ოფიციალურ სტუმრებთან ერთადაც ესწრებოდა, უეფას პრეზიდენტის შეფასებას გამოეხმაურა.

სპორტული შედეგები, ორგანიზების კუთხით მიღებული გამოცდილება და პოზიტიური საერთაშორისო გამოხმაურება - ეს ყველაფერი წარმატებად ფასდება საკანონმდებლო ორგანოს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ.

21 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, რომლის მასპინძლები საქართველო და რუმინეთი იყვნენ, ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბათუმში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ინგლისელებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს. რაც შეეხება საქართველოს - ჩვენმა გუნდმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, ნიდერლანდების და ბელგიის ბარიერის დაძლევის შემდეგ, პირველი ადგილი დაიკავა. ქართველი ფეხბურთელები ტურნირს მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ, თუმცა ეროვნული გუნდის ასპარეზობა ისევე, როგორც ქვეყნის მიერ ჩემპიონატის მასპინძლობა, დადებითად შეფასდა.

დღის ამბები