27 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულებს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია 6 პირზე, მათ შორის ადვოკატებზე, რომელთა სასამართლო პროცესიც დღეს დილით გაიმართა.

ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს სიტყვით ბრალდებულებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ, თუმცა დანაშაულებრივი სქემის ლიდერთან ნარი, იგივე ხათუნა კაჯაევთან კავშირს ადასტურებენ.

ასლან ფუტკარაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა საქმიანობას კანონის დაცვის ფარგლებში აწარმოებდა და არკოტიკების შეძენა, შენახვა და რეალიიზაციასთამ არანაირი კავშრი არ აქვს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ფარულად არცერთი მოქმედება არ განუხორციელებია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა ყველა სახის კანონიერ მოქმედებას, მას არანაირი კავშირი არ აქვს ნარკოტიკების შეძენა, შენახვა და რეალიზაციაში. მას არანაირი შემხებლობა არ აქვს ფულის გათეთრებაში", - განაცხადა დარეჯან თორდიამ.

მეჰმედ ჩითლაქის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ვითხოვეთ, აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდებინათ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება ობიექტურად იქნეს გამოძიებული, ვინაიდან თავს არ გრძნობს დამნაშავედ. მოსამართლემ არ შეუფარდა აღმკვეთ ღონისძიებად გირაო და პატიმრობა გამოიყენა მის წინააღმდეგ", - განაცხადა მარიამ პაპოშვილმა.

მანუჩარ ზოიძის ადვოკატის, გიორგი ბერიძის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ირიბი შემხებლობაც კი არ ჰქონია ბრალდების მხარის მიერ ჩამოთვლილ დანაშაულებთან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ირიბი შემხებლობაც კი არ აქვს გასაღებასა და სხვა ამ ჩამოთვლილ დანაშაულებთან. ეს არის პროკურატურის სრული ფანტაზიის ნაყოფი. აბსოლუტურად სუბიექტური შეხედულება და პრაგმატული პოზიციიდანაა დაცლილი. საქმეში მტკიცებულებითი ხასიათის მიდგომები საერთოდ არ არის წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი ბერიძემ.

საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობდა ბრალდებული პირების მხრიდან მიმალვის, დანაშაულის გამეორებისა და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხეები, ამიტომ სასამართლო გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ექვსივე პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.

"ექვსივე ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა, მათ შორის სამ პირს დაუსწრებლად, ეს ის პირები არიან, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. სახეზე არსებობდა მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. ისინი ჩადიოდნენ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას", - განაცხადა შმაგი გობეჯიშვილმა.

 

დღის ამბები