19 მაისი 2024,   00:08
ვრცლად
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები - რას გეგმავდნენ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირისთვის, მურად თავართქილაძე და ედგარ აბასოვი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, სავარაუდო დამნაშავეები კახეთსა და ქვემო ქართლში მასშტაბური სპეცოპერაციებით აიყვანა. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველებმა ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკა, იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მეხსიერების ბარათები, რომელზეც სავარაუდოდ დაგეგმილი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია ინახება. მასალას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შიფრავს.

მურად თავართქილაძე სასჯელს წარსულშიც იხდიდა. "კურიერის" ინფორმაციით, თავართქილაძე აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში, მათ შორის ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა ისლამური სახელმწიფოს წევრებთან თურქეთსა და სირიაში. მეზობლებმა მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იციან. დანაშაულთან დაკავებულის კავშირს გამორიცხავს მურად თავართქილაძის მეუღლე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავართქილაძის და აბასოვის მიმართ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს სავარაუდოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ამ მიზეზით, საქართველოს დატოვება შეეზღუდა მურად თავართქილაძეს, რომელიც ქვეყნიდან წასვლას რამდენიმე თვის წინ ცდილობდა. ეს ინფორმაცია მისი ადვოკატისთვისაც ცნობილია.

დაკავებულებს ბრალი სუს-ის იზოლატორში გააცნეს. ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატების ინფორმაციით, თავართქილაძე და აბასოვი ერთმანეთს იცნობდნენ.

ტერორისტულ ორგანიზაციასთან სხვა მოკავშირეების დადგენის მიზნით, უსაფრთხოების სამსახური ძიებას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

მურად თავართქილაძის და ედგარ აბასოვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მძიმე სასჯელი ელით.

 

შესწორება: ტერორიზმში ბრალდებული პირების დაკავებასთან დაკავშირებით, "კურიერში" გასულ სიუჟეტში, ერთ-ერთი დაკავებულის გვარის არასწორად გაშუქების გამო, "რუსთავი 2" მაყურებელს ბოდიშს უხდის. 

სიუჟეტის ტექსტში ერთ-ერთი დაკავებული პირის გვარი, ადვოკატზე დაყრდნობით, "კურიერმა" არასწორად  გაავრცელა - თავდაპირველად ნახსენები მურად ქავთარაშვილის ნაცვლად უნდა ყოფილიყო მურად თავართქილაძე. სწორედ ის არის იადგარ აბასოვთან ერთად დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული.  

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირისა და ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით, სუსმა ორი პირი - იადგარ აბასოვი და მურად თავართქილაძე დააკავა.

დღის ამბები