21 აგვისტო 2026,   14:36
ვრცლად
მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვის შემდეგ, პარტნიორმა სახელმწიფოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დოკუმენტი, რომელიც შვიდი ქვეყნის - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, საბერძნეთის, ლატვიის, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალი წევრების - ავსტრიისა და პორტუგალიის სახელით მომზადდა, ბრიფინგზე გაეროში ლატვიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ოლეგს ილგისმა წაიკითხა.

განცხადებაში ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გმობენ რუსეთის აგრესიას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას.

ამავე ბრიფინგზე, ევროპულმა სახელმწიფოებმა დადებითად შეაფასეს ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილება - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების თაობაზე და სხვა ქვეყნებსაც ამ პრეცედენტის გაზიარებისკენ მოუწოდეს.

ტექსტში ცალკეა გამოყოფილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, ქვეყნების წარმომადგენლები ითხოვენ საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიასა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას.

ერთობლივი განცხადება სრულდება მოთხოვნით რუსეთის მიმართ: სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება ადგილზე და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

"მე გამოვდივარ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების - დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და გაერთიანებული სამეფოს, ასევე ჩემი ქვეყნის, ლატვიის - და უშიშროების საბჭოს მომავალ წევრთა - ავსტრიისა და პორტუგალიის - სახელით.

თვრამეტი წელი გავიდა რუსეთის აგრესიიდან და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის - შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ ცხადყო, რომ რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკის გზას დაადგა. რუსეთმა ეს პოლიტიკა განაგრძო უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობელი სახელმწიფოების მიმართ განხორციელებული უგუნური და სახიფათო ქმედებებით.

ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და მის უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას, რომელიც გაეროს წესდებას ეწინააღმდეგება, ასევე საქართველოს ორი რეგიონის მიმართ ეფექტური კონტროლის განხორციელებას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს. ეს მოიცავს ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გაფორმებას, მათ შორის, 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებულ უკანასკნელ ე.წ. „მოკავშირეობითი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას“, მისი განხორციელების მიზნით დაუყოვნებლივ გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ხელმძღვანელად რუსეთის მოქალაქის დანიშვნას, საქართველოს ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემასა და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებას.

ჩვენ მივესალმებით ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის - ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც აღიარეს ეს წარმონაქმნები ან მათთან ურთიერთობები დაამყარეს, მიჰყვნენ ამ მაგალითს და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და საქართველოს ორი რეგიონის მილიტარიზაციას, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას, მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას, მავთულხლართების აღმართვას, ასევე რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არასანქცირებული ფრენების, სარკინიგზო და საზღვაო კავშირების დამყარებას.

ჩვენ ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიასა და ირაკლი კვარაცხელიას - მკვლელობებს. ამ დანაშაულთა ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

ჩვენ ვიხსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც არაერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე რუსეთის მიერ ეფექტური კონტროლის განხორციელების გათვალისწინებით, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, მათ შორის, სამოქალაქო პირების მკვლელობებზე, წამებაზე, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე და სხვა დარღვევებზე. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს აღნიშნული გადაწყვეტილებები.

ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით დაპატიმრების ორდერების გაცემას.

ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთს არ შეუსრულებია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, და არც ის ვალდებულება შეუსრულებია, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებისთვის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის, დაუბრკოლებელი წვდომის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ჩვენ კვლავ მივუთითებთ ყველა საჭიროების მქონე პირისთვის უსაფრთხო და დაუბრკოლებელი ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფის გადაუდებელ აუცილებლობაზე. ხაზს ვუსვამთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვისა და მათი საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობას, ასევე მათი საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

კვლავაც ერთგული ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, მისი მანდატის შესაბამისად, უზრუნველყოს მისიის წვდომა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელებას და ხაზს ვუსვამთ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წინაპირობების გარეშე დაუყოვნებლივ განახლების აუცილებლობას, ასევე ორივე მექანიზმის ფუნქციონირებას საბაზისო წესებისა და დამფუძნებელი პრინციპების შესაბამისად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ რუსეთისადმი 18 წლის განმავლობაში გაჟღერებულ მოწოდებას, გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომა ორივე რეგიონში.

დასასრულს, ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის საფუძველზე.'' -განაცხადა გაეროს ბრიფინგზე ლატვიის წარმომადგენელმა.

 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები