19 სექტემბერი 2024,   19:21
ვრცლად
შოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება - როგორ განვითარდა სტიქიური პროცესები, რომელიც გუშინ, დაახლოებით დღის 4 საათზე მეწყერის ჩამოწოლით დაიწყო

შოვში, მეწყერი გუშინ, დაახლოებით დღის ოთხი საათისთვის ჩამოწვა. მიწის მასა ჩამოწვა სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ძლიერ წვიმას მოჰყვა. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა დაანგრია შოვისკენ მიმავალი გზები და ორი ხიდი.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა კურორტ შოვის ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად განადგურებულია. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ 80-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს, ისინი მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად იმყოფებოდნენ, დღეს დილიდან კი ამ რიცხვს კიდევ 140 დაემატა.

სამაშველო ოპერაცია შოვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან გადარჩენილები გამოიყვანეს. მიწის მასის დამუშავების დროს გუშინ ორი, დღეს კი ოთხი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები ჯერ იდენტიფიცირებულები არ არიან.

სამაშვლო ღონისძიება შოვში დაიგეგმა მაშინვე, როგორც კი 112-ში სტიქიის ზონიდან შეტყობინება შევიდა. მეწყრული პროცესი ძალიან მცირე დროში განვითარდა და დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა. განადგურებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ტერიტორიაზე მოხვედრა, სადაც გარე სამყაროს მოწყვეტილი ადამიანები იმყოფებოდნენ, გართულდა, ამიტომ სამაშველო ოპერაციაში ავიაცია ჩაერთო. გვიან ღამემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შეძლეს 100-მდე მოქალაქის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. მოგვიანებით კი ცუდი ხილვადობის გამო ავიაციის მუშაობა რამდენიმე საათით შეჩერდა.

ჩარჩენილი ადამიანების სტატისტიკა ყოველ წუთს იცვლებოდა, ადამიანები საკუთარ ახლობლებს ეძებდნენ. სტიქიის არეალიდან გამოყვანილი მოქალაქეები ღამით სასტუმროებში და სპეციალურად მოწყობილ უსაფრთხო სივრცეში გადაიყვანეს.

მნიშვნელოვნად არის დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც სამაშველო ღონისძიებებს ღამის საათებში კიდევ უფრო ართულებდა, მოვარდნილმა მეწყერმა სრულად გაანადგურა გზები, წაიღო 2 ხიდი. ღვარცოფმა შოვის ტერიტორიაზე ჩაიტანა მოგლეჯილი ხეები და სოფელი გაუვალი გახადა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფელს გაეთიშა ელექტროენერგია.

ღამით სამაშველო ღონისძიებას პირადად ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი. შექმნა საგანგებო შტაბი. სტიქიის ზონაში არიან როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში 400 მაშველი, 2 ვერტმფრენი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, სასაზღვრო პოლიცია და პატრული მუშაობდა. სამაშველო ოპერაცია ღამით არ შეჩერებულა.

 

დღის ამბები