ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 44-ე გენერალური ასამბლეა.
ღონისძიებაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტს დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა და ეს პირველი გენერალური ასამბლეაა, სადაც ქართული დელეგაცია ამ სტატუსით მონაწილეობს. ნიკოლოზ სამხარაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ 500-მდე დელეგატს სიტყვით მიმართა.
"მოხარული ვართ, რომ ამ წლების მანძილზე შევძელით და კიდევ უფრო განვამტკიცეთ და გავაძლიერეთ ჩვენი ურთიერთობები სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციასთან, რასაც საქართველოსთვის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება მოოჰყვა. ეს გახლავთ შესანიშნავი პლატფორმა საერთო ინტერესის საკითხების განსახილველად. ჩვენი ერთ-ერთ პრიორიტეტი ასოციაციასთან ურთიერთობების განმტკიცებაა და ეს თანამშრომლობა იქნება კიდევ ერთი წინაპირობა უკეთესი ეკონომიკური და კულტურული შედეგების მისაღებად. საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეო-პოლიტიკური მდებარეობა, წარმატებული რეფორმები, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, და კორუფციისგან თავისუფალი საჯარო უწყებები დამატებით სტიმულს აძლევს ბიზნესებსა და ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო განსავითარებლად. 2022 წელს, საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველ ქვეყნად დასახელდა ბიუჯეტის გამჭვირვალეობის კუთხით.
საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. 0.5%-იანი ინფლაციის მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მივიღოთ მეტი ცოდნა თქვენი წარმატებული ეკონომიკური მიღწევების მაგალითზე,"- აცხადებს სამხარაძე.