15 ნოემბერი 2024,   16:03
ვრცლად
რუსთავის საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. დღეს, საკრებულოს სხდომაა დანიშნული. სანამ დეპუტატები შეიკრიბებიან, განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა.

ნინო ლაცბიძის თქმით, საკრებულოს ოპოზიციური კოალიცია, რუსთავის განვითარების შეფერხებას განაგრძობს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქალაქში 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას აჩერებს. მერს უკვე უპასუხეს ბრალდების ადრესატებმა.

"რუსთავის საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს და ჩვენი ქალაქის განვითარების შეფერხებას კვლავაც აგრძელებს. ამჯერად, ქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელმაც ქალაქს დამატებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა მოუტანოს. კოალიცია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" და "საქართველოსთვის" წევრებისგან შედგება, უკვე მეორე წელია რუსთავის და რუსთაველების წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებს.

საკრებულოს თავმჯდომარის პასიური პოზიცია, რომელიც პარტია "საქართველოსთვის" წევრია, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილ მავნებლურ პოლიტიკას ამყარებს და რუსთავს განვითარების და წინსვლის რეალურ შესაძლებლობას უკარგავს. ოპოზიციური გაერთიანება, რომლის მავნებლური პოლიტიკური ინტერესებსაც ეწირება დღეს რუსთავის ინტერესები უკვე ორი წელია მხოლოდ საკრებულოს თანამშრომლების პოლიტიკური დევნით, რეგლამენტის დარღვევით და სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული.

მივმართავ უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარეს: აიღოს პასუხისმგებლობა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინაშე, თუნდაც იმის, რომელსაც თვითონ წარმოადგენს, არამედ ქალაქის წინაშე და ყველა ის საკითხი, რომელიც უკვე თვეებია გაჩერებულია და არანაირი არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ იბლოკება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი თემები, გაიტანოს პირდაპირ სხდომაზე განსახილველად", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები