20 სექტემბერი 2024,   04:54
ვრცლად
ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა და "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდება - "კურიერმა" საქმის ხალი დეტალები გაარკვია

კახეთის პოლიციამ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1 პირი გამოავლინა. ჩანაწერში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, 33 წლის მამაკაცის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებით მუქარა ისმის. ფარული მასალის მიხედვით, ბექა ძეგლიგაშვილი დავის ქურდულად გადაწყვეტაზეც საუბრობს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეხვედრას აანონსებს. აუდიო ჩანაწერში ნახსენებია ჯეირან კინწურაშვილი, კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ქართულმა სასამართლომ დამნაშავედ დაუსწრებლად სცნო და ძებნილად გამოცხადდა.

სწორედ ეს ჩანაწერი გახდა უკვე პატიმრობაში მყოფი ბექა ძეგლიგაშვილისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი. ქურდულ სამყაროსთან კავშირი გამომძიებლებმა ძეგლიგაშვილის ტელეფონის გაშიფვრის შედეგად დაადგინეს. 33 წლის მამაკაცი, 5 თვის წინ, ახმეტაში დააკავეს. ის სამართალდამცველებმა სილამაზის სალონში აიყვანეს. დაკავებულის ჩხრეკის შედეგად კი, მობილური ტელეფონი, რევოლვერი და ვაზნები ამოიღეს. "კურიერი" ახმეტაში დაკავებულის ოჯახში მივიდა. ბექა ძეგლიგაშვილის დედას შვილის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირზე ინფორმაცია არ აქვს.

ადვოკატის ინფორმაციით კი, ბრალდებული არც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების და არც ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებას არ აღიარებს.

ბექა ძეგლიგაშვილის საქმეს თელავის რაიონული სასამართლო განიხილავს. ის 5 თვეა, გლდანის ციხეშია მოთავსებული. ცნობილია, რომ დაკავებული წარსულში გვარად თიღილაური იყო, ახლა კი მეუღლის გვარს ატარებს. "კურიერის" ინფორმაციით, ის ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის, სასჯელს რამდენიმე წლის წინაც იხდიდა. თუ ახალი ბრალი დაუმტკიცდება, ბექა ძეგლიგაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

დღის ამბები