20 სექტემბერი 2024,   04:08
ვრცლად
40 წლიანი ისტორიის მქონე თელავის აეროპორტი, 2024 წლიდან ახალ სიცოცხლეს შეიძენს - პროექტისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი

2024 წელს რომ მათ ქალაქში თანამედროვე აეროპორტი გაიხსნება, თელაველებმა უკვე იციან. ამბობენ, რომ მომდევნო წელს, "მიმინოს" აეროდრომი ახალ დატვირთვას შეიძენს, ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა კი ტურიზმის მიმართულებას, კიდევ უფრო განავითარებს.

ისტორიულ აეროდრომზე ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აეროპორტი პირველ მგზავრს მომავალი წლის მაისი-ივნისის თვეში მიიღებს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს შიდა საჰაერო რეისების განვითარებას, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

მხარის რწმუნებულის თქმით, ახალი აეროპორტი კახეთში ტურიზმის განვითარების მთავარი ფაქტორი იქნება. რეგიონში მოქმედი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, ვიზიტორების რაოდენობას კიდევ უფრო გაიზრდება.

შიდა ავიაციისა და ტურიზმის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს ვიცე-პრემიერი. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ კახეთის რეგიონში არსებული აეროპორტი ტურისტებისთვის დამატებითი საშუალება იქნება, რამდენიმე საათიანი შუალედით, ზღვისპირა ბათუმიდან სამთო და ეკო კურორტებზე გაემგზავრონ.

ახალი აეროპორტი კახეთში გაზაფხულზე გაიხსნება. პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები