15 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
ნოდარ დუმბაძის სკვერში, ჩოხატაურში, ბანკის შენობა ვერ აშენდება, ვერ გასხვისდება ეს ადგილი ამისთვის, სკვერში ასეთი ნაგებობების აშენება პირდაპირ აკრძალულია კანონმდებლობით - მამუკა მდინარაძე

ნოდარ დუმბაძის სკვერში, ჩოხატაურში, ბანკის შენობა ვერ აშენდება და ვერ გასხვისდება ეს ადგილი ამისთვის. სკვერში ასეთი ნაგებობების აშენება პირდაპირ აკრძალულია კანონმდებლობით, მისი სხვაგვარი ინტერპრეტაცია გამორიცხული და შეუძლებელია - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნაცმოძრაობის, ომის პარტიის წარმომადგენლები აიგივებენ დაპირისპირების დეტალებს და მის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომელიც არაფერ შუაშია.

მისივე თქმით, ამ ამბავს ადგილზე მოჰყვა პროვოკაციული მოქმედებები. იმის ნაცვლად, რომ კანონის მუხლი წაეკითხათ, არავის უხსენებია ეს და პიარულ დეტალებზე აკეთებდნენ აქცენტებს.

"ჩოხატაურში, ჩოხატაურელებმა რომ არ იკადრეს, სხვა რაიონიდან ჩაიყვანეს მათი ["ნაციონალური მოძრაობის"“] აქტივისტები, რომ გაეპროტესტებინათ [სკვერში ბანკის მშენებლობა]. იქ იყო სხვათა შორის შეჯერებული აზრი, რომ ბანკის შენობა კარგი იქნებოდა. შეიძლება რაღაც ადგილზე ბანკის შენობა მართლაც იყოს კარგი, მაგრამ ამავდროულად, არავის გაახსენდა სამწუხაროდ, ამას პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ ჩვენ გვაქვს კანონი სივრცითი დაგეგმარების შესახებ, რომელზეც ბევრი ვიმუშავეთ წლების წინ, საბოლოო ჯამში მივიღეთ და იქ წერია, რომ სკვერში და მსგავს ადგილებში არ შეიძლება ისეთი შენობა-ნაგებობების აშენება, რომელიც არ არის საერთო სარგებლობის და თან განსაკუთრებული საზოგადოებრივი, ან სახელმწიფო მნიშვნელობის. ანუ, ეს ერთი განმარტება საკმარისი იყო, რომ პროვოკაციებისთვისაც თავი დაენებებინათ, საკრებულოს არ გადაეტანა მერიამდე. მერია ბუნებრივია საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, იმიტომ, რომ ინტერპრეტაცია თუ გაუკეთეს, რომ მე რომ გავყიდი სკვერის პატარა ნაწილს, შემდეგ აქ ჩაიდგმება და ის აღარ იქნება სკვერი, ასეთი ინტერპრეტაცია არის ამ ნორმის უხეში დარღვევა და გვერდის ავლა. ამიტომ ამას ნურავინ გააკეთებს.

ჩემი თხოვნაა, რეკომენდაცია, მოწოდება, ვინც არ უნდა იყოს ეს, ჩვენი წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციური პარტიის, ასეთ საკითხს საერთოდ ნუ დაძრავენ, იმიტომ, რომ სკვერში ასეთი ნაგებობების აშენება პირდაპირ აკრძალულია კანონმდებლობით, მისი სხვაგვარი ინტერპრეტაცია გამორიცხული და შეუძლებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ამ კანონიდან გამომდინარე, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერში, ჩოხატაურში, ბანკის შენობა ვერ აშენდება და ვერ გასხვისდება ეს ადგილი ამისთვის, " - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები