ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიევში სარაკეტო დაბომბვის ფონზე - იმ დროს როდესაც ენტონი ბლინკენი კიევში შეხვედრებს მართავდა საოკუპაციო ძალამ სარაკეტო დარტყმა ქალაქ კონსტანტინივკას მიაყენა, რაკეტა ცენტრალურ ბაზარს იმ დროს მოხვდა როდესაც იქ მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი იმყოფებოდა, ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაჭრილია 32. მიუხედავად საჰაერო იერიშისა ამერიკის სახელმწიფო მდივანს ვიზიტი არ შეუწყვეტია, ის ომში მყოფ ქვეყანაში მილიარდ დოლარიანი სამხედრო პაკეტით ჩავიდა და ვაშინგტონის მხრიდან ქვეყნის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ბლინკენი ასევე პირველი უცხოელი მაღალჩინოსანი აღმოჩნდა რომელმაც კიევში ჩასვლისთანავე უკრაინელი სამხედროებს პატივი არა გმირთა მემორიალთან არამედ სასაფლაოზე მიაგო. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის გეგმებში ასევე შედის მიიღოს სრული ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს კონტრშეტევა და რამდენად ეფექტურად იყენებს უკრაინა ამერიკულ შეიარაღებას.
ენტონი ბლინკენის ვიზიტის ფონზე უკრაინის რადამ ახალი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი დაამტკიცა. დასავლური მედია ღიად ამბობს, რომ ამით ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოლექტიურ დასავლეთს ორი გზავნილი გადასცა. პირველი-უკრაინა პარტნიორებისგან მიღებული დახმარების გაფლანგვას და კორუფციას არ დაუშვებს, რასაც უმეროვის წინამორბედი რეზნიკოვი შეეწირა და მეორე-კიევი არ შეეგუება ყირიმის დაბრუნების გარეშე ომის დასრულებას. უმეროვი ყირიმელი თათარია და ავტონომიური ოლქის მილიმეჯლისს წარმოადგენდა, ამას გარდა, ის შედიოდა უკრაინულ დელეგაციაში რომელმაც საოკუპაციო ძალასთან მოლაპარაკებები აწარმოა. აქტიურად იყო ჩართული ტყვეების განთავისუფლებაშიც. დასავლური მედია უმეროვს კარგ მენეჯერად ახასიათებს, რომელსაც საჭირო კონტაქტები აქვს როგორც დასავლურ ქვეყნებში ასევე თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში.
გარდა ამისა, ენტონი ბლინკენის ვიზიტს, კრემლიდან პირველი შეფასებები მალევე მოჰყვა. პუტინის პრესსპიკერმა ვაშინგტონი კონფლიქტის გაჭიანურებაში დაადანაშაულა.