თუ შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ევროპის ინტერესებს არ შეესაბამება, ევროპამ მოსკოვთან დიპლომატიური არხები დამოუკიდებლად უნდა შეინარჩუნოს - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი იმ ქვეყნებს ეკისრებათ, რომლებსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ.
ფინური გამოცემა Ilta-Sanomat-ზე დაყრდნობით, ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერი იმ მთავარი კითხვიდან იწყება, ემსახურება თუ არა ევროპის ინტერესებს ვაშინგტონის მიმდინარე კურსი რუსეთის მიმართ.
"თუ ის პირდაპირ არ ემსახურება ჩვენს ინტერესებს, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს დიალოგის არხები ღიად", - განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, რუსეთთან კომუნიკაცია ამჟამადაც მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე: როგორც მეზობელ ქვეყანას, ფინეთს კონტაქტი აქვს საზღვრის დაცვის უწყებების ხაზით, ხოლო ჰელსინკსა და მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და საელჩოების მეშვეობით დიპლომატიური ურთიერთობები ნარჩუნდება. სტუბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარკვეულ მომენტში ეს არხები მთლიანად ევროპული მხრიდანაც ღია უნდა იყოს.
ევროპის მიერ საკუთარი რუსული პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა, სტუბის შეფასებით, ვაშინგტონთან ურთიერთობებითაა განპირობებული.
მან აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა აშშ-ის ადმინისტრაციისგან მიიღეს კითხვარი, რომელიც ალიანსში ამერიკული ჯარების შესაძლო შემცირებამდე აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკასთან მოკავშირეთა თავსებადობას აფასებს.
ფინეთის ლიდერს ეს ნაბიჯი ზეწოლად არ მიაჩნია და მას ამჟამინდელი აშშ-ის ადმინისტრაციის "სამუშაო მეთოდს" უწოდებს.
მისი თქმით, ჰელსინკი კითხვარს უპასუხებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოზიცია ვაშინგტონისას როგორც ემთხვევა, ისე ზოგ საკითხში ემიჯნება კიდეც.
სტუბმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთს აქვს აშშ-ის ქმედებების კრიტიკის სრული უფლება, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკა დამოუკიდებელ კურსსა და საერთაშორისო ნორმებზეა დამყარებული - პრინციპებზე, რომლებსაც, მისივე თქმით, ვაშინგტონი ამჟამად ტოვებს.