06 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
"ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლი და ზიანის რაოდენობა" - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

სტიქიის ზონაშია მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. როგორც ლერი ბარნაბიშვილი ამბობს, მაშველები განაგრძობენ მუშაობას. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ამასთან, ცნობილია რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან მუშაობს გურიაში და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს.

"გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არის მოზარდი ბავშვი. ერთი მოზარდი ბავშვის ძებნა გრძელდება ლანჩხუთში ამჟამად. ჩართულია სამაშველო სამსახური, ჩართულია საგზაო დეპარტამენტი. ეს ფაქტი მოხდა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ამიტომ მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს ცოცხალი მაშველი ძალაც. მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია ხიდები, მოწყვეტილი იყო მოსახლეობა. თუმცა, ყველასთან დამყარდა კავშირი, ყველასთან მიმდინარეობს კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ასევე კონტაქტზე არიან სამაშველო სამსახურები. უნდა აღინიშნოს, რომ დილიდანვე, სტიქიის პირველივე საათებიდან როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ჩართული იყო ასევე სამაშველო სამსახური, პრემიერის ადმინისტრაცია. მე პირადად ვიყავი კონტაქტზე სამაშველო სამსახურთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლი და ზიანის რაოდენობა,"- აცხადებს ლერი ბარნაბიშვილი.

ადგილზე იმყოფება პარლამენტის ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძეც.

"გურიის რეგიონში, ორ მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი მცირეწლოვანი და ერთი წლოვანი ქალბატონი. ერთი ბავშვის ძებნა გრძელდება. მობილიზებულია ყველანაირი მაშველთა კორპუსი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, წაღებულია ხიდები, სკოლებია დანგრეული და რა ვიცი, გურიაში ასეთი სტიქიის მომსწრე არა ვარ,"-აცხადებს ვასილ ჩიგოგიძე.

გურიის სტიქიის გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე. ამ დროისათვის, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ბზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ბზეც. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად, გზის გაწმენდის სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. მოძრაობის აღდგენამდე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.

 

დღის ამბები