20 სექტემბერი 2024,   04:03
ვრცლად
ჩაკეტილი არცერთი სოფელი აღარ არის, მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი - მერაბ გამყრელიძე

მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის სტიქიის ზონაში, კრიტიკულად სოფელი ჩოჩხათი რჩება.

"კრიტიკულად რჩება სოფელი ჩოჩხათი, გაზი არ მიეწოდება 3 000 აბონენტს. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამასთან, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 25 ლოკაციაზე. ფაქტობრივად, ჩაკეტილი აღარ არის არცერთი სოფელი. მოსახლეობას მიეწოდება ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტი. სტიქიის ადგილიდან სასტუმროებში გადმოყვანილია დაახლოებით 60-მდე ადამიანი.

ამ ეტაპისთვის კრიტიკული რაც არის, ესაა მოსახლეობის გამოყვანა საშიში ლოკაციებიდან, გზების სრულყოფილად გაწმენდა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შემდეგი სამუშაოებისთვის," - აღნიშნა მერაბ გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

 

დღის ამბები