20 სექტემბერი 2024,   03:47
ვრცლად
გურიაში სტიქიის შემდეგ მოსახლეობა საშიში ზონებიდან ისევ გაჰყავთ - ბოლო მონაცემებით 105 ოჯახს განსახლება ესაჭიროება

გურიაში, სტიქიის ზონიდან მოსახლეობა საშიში ადგილებიდან ისევ გაჰყავთ. ოფიციალური ინფორმაციით, საჭირო გახდა 200 მოქალაქის ევაკუაცია, მათი ნაწილი თავშესაფრებში გადაიყვანეს, ნაწილი კი ახლობლებთან ცხოვრობს. ამ დროის მონაცემებით, 105 ოჯახს განსახლება ესაჭიროება, თუმცა აღსანიშნავია, რომ რეგიონში გეოლოგები მუშაობას განაგრძობენ და არ არის გამორიცხული ეს მონაცემები შეიცვალოს.

სწორედ მათი დასკვნის შედეგად გავიგებთ რომელი სახლი და ტერიტორიაა საცხოვრებლად უსაფრთხო. გურიის ცენტრალურ გზებზე მოძრაობა აღდგენილია, სამუშაოები მიმდინარეობს შიდა სასოფლო მონაკვეთებზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ, მადლობას უხდის.

"სამი დღეა გურიაში მძიმე მდგომარეობაა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაცია ხდება, გზები იწმინდება, სამაშველოები მუშაობენ, ადგილზეა გეოლოგთა ჯგუფი. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მუნიციპალიტეტს, რომლებიც იზიარებენ ლანჩხუთის ამ მძიმე ვითარებას. სამი დღეა საკვები პუნქტი გახსნილია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ვიღებთ პირველადი დახმარებისა და საკვებ პროდუქტს, რომელიც საჭიროებისამებრ მოსახლეობას ურიგდება", - განაცხადა ეკატერინე გუჯაბიძემ.

დღის ამბები