სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდათ - ბარათის გააქტიურებას და სწავლის გაგრძელებას, 30 000-ი სტუდენტი ელოდება.
სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილებაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს უმაღლეს სასწავლებლებთან დროული კომუნიკაცია დაავალა რომ სტუდენტებმა სწავლის გაგრძელება მოკლე ვადებში შეძლონ. დავალიანების დასაფარად 40 მილიონი ლარი გამოიყო.
განათლების სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. მიმდინარეობს ლოჯისტიკური საკითხების დაზუსტება.
პრემიერის გადაწყვეტილებას უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და ლექტორები აფასებენ. ამბობენ, რომ სტატუსის აღდგენა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა.
სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დავალიანების განულების პროცესი, სასწავლო წლის დასაწყისშივე დასრულდება და ახალგაზრდები სწავლას პირველივე სემესტრიდან გააგრძელებენ.