15 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
სააკაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა, კიდევ ერთი საქმე აღიძრას - სად მოგზაურობდა ექსპრეზიდენტი და რამდენი მილიონი დაიხარჯა მის კერძო ფრენებზე ბიუჯეტიდან

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ ერთი საქმე აღიძრას - სად მოგზაურობდა ექსპრეზიდენტი და რამდენი მილიონი დაიხარჯა მის კერძო ფრენებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ირკვევა, რომ ყოფილი პრეზიდენტის კერძო ვოიაჟები შეიარაღებული ძალებისთვის, ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა. "ქართული ოცნების" ლიდერები გამოძიების დაწყებას ელოდებიან.

სააკაშვილის მოგზაურობის ისტორიაში არის პერუც, უფრო კონკრეტულად კი ქალაქები ლიმა და კუსკო.

წელიწადში, დაახლოებით, 100 ფრენა პირადი მიზნებისთვის და ბიუჯეტიდან დახარჯული 14 მილიონი სააკაშვილის თანაგუნდელებმა ინვესტიციების მოზიდვით ახსნეს.

საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რომლებსაც სააკაშვილის ვოიაჟები არ აკვირვებთ. "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგები ოპოზიციიდან ახლა გამოძიების დაწყებას და ახალი დეტალების გასაჯაროებას ელოდებიან.

გამოძიების დაწყების აუცილებლობას ეჭვქვეშ არც უმრავლესობაში აყენებენ. აცხადებენ, რომ ხალხის ფულით მოწყობილი ვოიაჟების დეტალები ხალხისთვის ცნობილი უნდა გახდეს.

მიხეილ სააკაშვილის მოგზაურობებზე ყველაზე მეტი "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორმა იცის. სწორედ მის კომპანიასთან ჰქონდა გაფორმებული წლების წინ თავდაცვის სამინისტროს 24 მილიონიანი გასაიდუმლოებული ხელშეკრულება. "აირზენას" დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა წელიწადში დაახლოებით 100-მდე კერძო ვიზიტს ახორციელებდა.

თავდაცვის მინისტრმა ახალი დეტალების გასაჯაროება დააანონსა, რომელიც შესაძლოა სააკაშვილის პირად საქმეში რიგით მე-6 ბრალდებად ჩაიწეროს.

მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 9 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი ჯერ კიდევ 9 წლის წინ წარედგინა. კიდევ რამდენი მილიონი გაფლანგა მან, ეს საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები