20 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
კიევი პოლონეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გამო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლებს

ომში მყოფი კიევი, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ სამართლებრივ ომს იწყებს. უკრაინა საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანს. კიევის განაწყენება მოკავშირე სახელმწიფოების იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა უკრაინულ პროდუქციაზე ემბარგო ევროკომისიასთან შეუთანხმებლად - ცალმხრივად გააგრძელეს.

უკრაინის სამი მეზობელი ქვეყნის გადაწყვეტილება ევროკავშირმა გააკრიტიკა და მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდა.

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ სიტუაციის დასარეგულირებლად უკრაინულ პროდუქციას ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთი ბაზრის კარი უნდა გაუღონ. 5 ქვეყნიდან კომისიის გადაწყვეტილებას მხოლოდ რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთდა.

ბრიუსელის მოწოდების მიუხედავად, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები არ აპირებენ პოზიციის შეცვლას. ამ ქვეყნებში აცხადებენ, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა ევროკავშირის ან უკრაინის ინტერესს არ დააყენებენ.

ემბარგოს საკითხი უკრაინასა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის, შესაძლოა, კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი გახდეს. ადგილობრივ მედიაში პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ მარცვლეულის ექსპორტის საკითხი არ მოგვარდება, ვარშავა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ დათანხმდება.

უკრაინელ ფერმერებს ევროკავშირის რეგულაციების დაცვა არ უწევთ, მათ შორის, პესტიციდების გამოყენებაზე, რაც ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ ღირს უკრაინული პროდუქცია ევროკავშირის მწარმოებლებთან შედარებით გაცილებით იაფი. იაფფასიანი უკრაინული პროდუქცია ევროკავშირში გადასახადების გარეშე შედის, რის გამოც ადგილობრივ მწარმოებლები საკუთარ პროდუქციას ვეღარ ყიდიან და მათი წარმოება წამგებიანი ხდება.

დღის ამბები