20 სექტემბერი 2024,   04:49
ვრცლად
აზერბაიჯანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დილიდან საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებებს 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 200-ზე მეტი

მძიმე ღამის შემდეგ ამ წუთებში ერევანში სომხეთის სამთავრობო შენობებისა და რუსეთის საელჩოსთან სიმშვიდეა, თუმცა დემონსტრანტები შეკრებას ისევ აპირებენ. ადგილზე პოლიცია და სპეცსამსახურები არიან მობილიზებულები. შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მთავრობის სახლთან თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკრებილები, ფაშინიანს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და ითხოვდნენ ერევანმა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე უარი თქვას. დაშავებულია 34 ადამიანი.

“პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ყარაბაღზე და ის, რაც ახლა ხდება ფაშინიანის პოლიტიკის შედეგია. საჭიროა სომხეთში ხელისუფლების შეცვლა, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მთავრობის შენობასთან, დღეს საღამოს 19:00 საათზე ყარაბაღის მხარდასაჭერად და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია გავმართოთ,“ - აცხადებს სომხეთის ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი.

აზერბაიჯანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დილიდან საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს. არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ ბრძოლების შესახებ და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები იყენებს არტილერიას და რაკეტებს, ახორციელებს თავდასხმას უპილოტო საფრენი აპარატებითა და საბრძოლო თვითმფრინავებით.  ბოლო მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 200-ზე მეტი.

​"ჩვენ ვაკვირდებით სომხეთის ქმედებებს ყარაბაღში. გამოცხადებული გვაქვს მაღალი დონის საბრძოლო მზადყოფნა.ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს და ვახდენთ დანაღმული ტერიტორიების განაღმვას," - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ანარ ეივაზოვი.

სომხეთი მოლაპარაკებებს ითხოვს, აზერბაიჯანი კი საკუთარ პირობებს ასახელებს, რაც კაპიტულაციას გულისხმობს. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ე.წ. სპეცოპერაციის ფარგლებში მთიან ყარაბაღში სომეხი სამხედროების 60-ზე მეტ პოზიციას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

"ეს ე.წ. სპეცოპერაცია იმ 9 თვიანი პერიოდის კულმინაციაა რა პერიოდშიც ისინი მთიან ყარაბაღში ხალხს ამ პირობებში აიძულებდნენ ეცხოვრათ. სომხეთი ღიად საუბრობს შიდა და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებაზე. იმედი გვაქვს და მოლოდინი, რომ დასავლეთი შეძლებს შესაბამისი ბერკეტების გამოყენებას ვითარების რეგულირებისთვის," - აცხადებს სომხეთის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში ვარუჟან ნერსესიანი.

დღის ამბები