06 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ყარაბაღს ტოვებს - ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები არ წყდება

გრძელი და რთული გზის მიუხედავად, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ყარაბაღს ტოვებს და სომხეთში მიდის. ადგილობრივები, რომლებმაც უკვე მოახერხეს საზღვრის გადალახვა და ქალაქ გორისში ჩავიდნენ, ჰყვებიან, რომ ყარაბაღში დარჩენილი მოქალაქეები ევაკუაციის მოლოდინში არიან.

ყარაბაღში რჩებიან ისეთებიც, ვინც აზერბაიჯანთან ინტეგრირებული ცხოვრება გადაწყვიტა. დღეს მათი და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც გაიმართა, თუმცა, მხარეები შეხვედრის დეტალებს არ ასაჯაროებენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია აზერბაიჯანის საზოგადოებაში წარმატებულად გაგრძელდება. თავად ილჰამ ალიევი დღეს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩავიდა და სწორედ იქ უმასპინძლა პარტნიორი ქვეყნის - თურქეთის პრეზიდენტს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეგობარ სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და თქვა, რომ იმედი აქვს, სომხეთი სწორ ნაბიჯებს გადადგამს.

პარტნიორები სტუმრობენ სომხეთსაც. ერევანში დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და სენატორები ჩავიდნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სენატორ გარი პიტერსს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა თქვა, რომ აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას, სენატორმა პიტერსმა კი გამოხატა შეშფოთება ყარაბაღში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო.

ფაშინიანის მიმართ წყენას ვერ მალავს რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტში სამშვიდობო კონტინგენტით არის ჩართული. კრემლი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის პრემიერ-მინისტრს აკისრებს.

ნიკოლ ფაშინიანის ქმედებებით უკმაყოფილოა სომხეთის მოსახლეობის ნაწილიც. ისინი მეშვიდე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. არ წყდება დაკავებების სერიაც. ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ დღეს პოლიციამ აქციაზე 170-მდე ადამიანი დააკავა.

დღის ამბები