პრეზიდენტის წერილობითი წინადადებები იწყება კონსტიტუციაზე მითითებით, რითაც დასტურდება, რომ მისი მხრიდანაც გაცნობიერებულია მთავრობის თანხმობის სავალდებულობა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.
როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი წერილობითი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას და წერილობითი მიმართვაში აღწერილია კონკრეტულ ქვეყანაში განსახორციელებელი ვიზიტი, ვიზიტის თარიღები, დღის წესრიგი, კონკრეტული ოფიციალური პირები, ვისთან შეხვედრაც უნდა განხორციელდეს და საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისგან ითხოვს თანხმობის გაცემას.
"2019 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას მომართა 71-ჯერ და ყველა წერილობითი მიმართვა, რომელიც მთავრობის სახელზეა გამოგზავნილი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, გარდა ნარატიული მასალისა და ინფორმაციისა, შეიცავს სამართლებრივ წინაპირობებსაც, რის საფუძველზე სთხოვს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას, გაიცეს შესაბამისი თანხმობა. პრეზიდენტის ყველა წერილობითი წინადადება იწყება მითითებით და რეფერიებით კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტზე რითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ამ ყველა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობისადმი მომართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულობა," - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. ამასთან, წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება 5 დეპუტატი, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. თავად პრეზიდენტი ბათუმში არ ჩავიდა, რაც არსებითი სადავო საკითხის მიღმა დამატებითი დისკუსიის საგანი გახდა.
ავტორი: იზი ბურნაძე