სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, "კურიერი P.S-თან" დაადასტურა, რომ საფრთხეების გასანეიტრალებლად უწყება კვლავ აქტიურად მუშაობს. საუბარია სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, რომელსაც სუს-ი ორი მუხლით იძიებს - ტერორისტული აქტის მომზადება და ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა. უსაფრთხოების სამსახურში არც ფაქტის მამხილებელი მტკიცებულებების განსაიდუმლობას გამორიცხავენ. ამბობენ, რომ შესაძლებელია გამოძიებას პოლიტიკოსების გამოკითხვაც დასჭირდეს.
სუს-ის მხრიდან მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს "კანვას საქართველოს" ხელმძღვანელი. გიორგი მელაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მაგისტრი მოსამართლის თანხლებით უკვე გამოიკითხა, ბრალდებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ხელისუფლებას ორგანიზაციის დისკრედიტირების მცდელობაში ადანაშაულებს.
რევოლუციური გეგმები რომ კვლავ ძალაშია, ამაში ეჭვი არ ეპარება პარლამენტის თავმჯდომარეს. შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ გაზაფხულზე განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილის მიზანი. პარლამენტის სპიკერი ფიქრობს, რომ გარკვეული ძალები ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით მოსვლას ცდილობენ
ხელისუფლების ცვლილებისთვის გაერთიანებისკენ, დღეს, თანამოაზრეებს მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა. ექსპრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გააკეთა, სადაც ის "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო.
ლიდერის პათოსს ერთიანობაზე იზიარებენ, სუს-ის გამოძიებას კი არ ენდობიან "ნაციონალურ მოძრაობაში". სააკაშვილის პარტიასა და მის მთავარ მოკავშირე "სტრატეგია აღმაშენებელში" კვლავ ამბობენ, რომ სუს-ი მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ცდილობს.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის თანამებრძოლებს, რომლებიც დღეს უკრაინაში გავლენებით სარგებლობენ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურთ. მიზანი მარტივია - "ოცნების" აზრით, ოპოზიცია ხვდება, რომ 2024-ის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, სუს-მა ინფორმაცია 18 სექტემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, ოპოზიციის ნაწილი სერბული "კანვასისა" და "ოტპორის" დახმარებით, ოქტომბერ - დეკემბერში ძალადობრივი რევოლუციის ორგანიზებას გეგმავდა. განცხადებას მალევე ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროება და სერბი აქტივისტების გამოკითხვაც მოჰყვა.