06 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
ისრაელის ჯარები სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან - ცახალმა ღაზას სექტორთან 100 000-ზე მეტი სამხედრო რეზერვისტი გადაისროლა

თელ-ავივში ამ დროისთვის, სიმშვიდეა, თუმცა ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ღაზას სექტორთან ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები. ცახალმა 100 000-ზე მეტი სამხედრო რეზერვისტი გადაისროლა ღაზას სექტორთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელის ჯარები სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან.

რაც შეეხება ლიბანის საზღვართან არსებულ ვითარებას, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა. სიტუაცია დილის 08:00-საათზე დასტაბილურდა.

გარდა ამისა, აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს.

ცნობისთვის, ისრაელის მხარეს დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა, ღაზაში კი ეს მაჩვენებელი 900-ს აჭარბებს.

დილით ღაზას სექტორზე მოიერიშე თვითმფრინავებით მასობრივი თავდასხმა განხორციელდა, დაარტყეს 200-ზე მეტ სამიზნეს. თელ-ავივი ამტკიცებს, რომ განადგურებულია ტერორისტული ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ინფორმაცია ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში ჰამასის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, მუჰამად დეიფის სახლზე შეტევაზეც. ისრაელის მედია წერს, რომ, სავარაუდოდ, დაიღუპნენ დეიფის ოჯახის წევრები, თავად ჰამასის გავლენიანი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია.

ამასთან, ამერიკული იარაღის პირველი ნაწილია უკვე ისრაელშია. საბრძოლო მასალით დატვირთული თვითმფრინავი ნევატიმის ავიაბაზაზე დაეშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკული იარაღი განკუთვნილია "მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნისთვის".

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

 

დღის ამბები