დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. იკითხება ბრალდების მხარის მოწმე, კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი მდივანი, მინდია ჯანელიძე.
საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ მინდია ჯანელიძეს სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია.
"კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო მინდია ჯანელიძე, შეხვედრაც გამართულა მისი მონაწილეობით. ასე რომ, რაღაც კითხვები გვექნება, რა თქმა უნდა და მას შეუძლია ნათელი მოჰფინოს რაღაც საკითხებს," - აცხადებს ივერი მელაშვილი.
საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, არცერთი ფაქტი არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულის დასადასტურებლად.
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი მოწმის დასაკითხად. ყველა მოწმემ, რომელიც იყო დაკითხული სასამართლოში, არცერთმა მათგანმა არათუ მიუთითა რაიმე ფაქტის შესახებ, რომელიც დაადასტურებდა ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენას, არამედ პირიქით - მათი მოწოდებული ინფორმაცია მიუთითებს ერთადერთზე, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და ემსახურებოდნენ საქართველოს ინტერესებს," - აცხადებს ადვოკატი გიორგი მახარაძე.
საქმის პროკურორი, მიხეილ სადრაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულები შესაბამის ორგანოებს საჭირო ინფორმაციას არ აწვდნიდნენ.
"2014-2015 წლებში სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პროცესები განიხილებოდა მათ შორის კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატშიც, შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება იმ პერიოდში ამ საბჭოს მდივანი. წამოიჭრა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა რელევანტური რუკები, მასალები რომლებიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდა და მის პოზიციას ადასტურებდა. ამ პროცესში ბრალდებულებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათი მონაწილეობა რეალურად გამოიხატებოდა იმაში, რომ არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდნენ დაინტერესებულ პირებს, დაინტერესებულ უწყებას და, მითუმეტეს, რაც მთავარია, ის დოკუმენტის რუკა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში იყო, მათი მხრიდან არ იყო მიწოდებული,"- აცხადებს პროკურორი.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს.