06 ოქტომბერი 2024,   19:59
ვრცლად
ღაზას საავადმყოფოს აფეთქებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა - ბაიდენის განცხადებით, შტატები ცალსახად მხარს უჭერს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას

ომის მე-12 დღეს ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება - ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. კლინიკაზე იერიშს, ამ დროის მონაცემებით, 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თელ-ავივის მტკიცებით, ცახალს აფეთქებასთან კავშირი არ აქვს და აფეთქების მიზეზად პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებულ რაკეტას ასახელებს.

ვითარების გამწვავება რეგიონში ამერიკის პრეზიდენტის ჩასვლას ემთხვევა. ჯო ბაიდენს ისრაელში დღეს ელოდებიან. თუმცა ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო პრეზიდენტი იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა. მანამდე ამ შეხვედრაზე დასწრებაზე უარი პროტესტის ნიშნად პალესტინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ღაზას საავადმყოფოს აფეთქებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი წერს, რომ შეერთებული შტატები ცალსახად მხარს უჭერს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას და აღნიშნა, რომ მომხდარით აღშფოთებულია. ზუსტად რა მოხდა ღაზაში - პრეზიდენტი ამბობს, რომ მან ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ინფორმაციის შეგროვება დაავალა.

 

დღის ამბები