06 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ჯო ბაიდენი ისრაელში ნეთანიაჰუს შეხვდა: "იმის მიხედვით, რაც ვნახე, ჩანს, რომ ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ, მაგრამ არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის ამაში დარწმუნებული"

ჯო ბაიდენი ისრაელშია - შტატების პრეზიდენტი უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა ისრაელისადმი ურყევი მხარდაჭერა. აქვე ისაუბრა უდანაშაულო პალესტინელების დაცვის მნიშვნელობაზეც. ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა არა ისრაელმა, არამედ "სხვა გუნდმა" განახორციელა.

"დღეს აქ ყოფნა ერთი მარტივი მიზეზის გამო მინდოდა, მსურდა ისრაელის ხალხსა და მსოფლიოს სცოდნოდა, სად დგას შეერთებული შტატები. "ჰამასის" ტერორისტულმა ჯგუფმა 1300-ზე მეტი ადამიანი ამოჟლიტა და ეს გაზვიადებული ნათქვამი არაა. მათ შორის იყო 31 ამერიკელი. წარმოიდგინეთ, რას ფიქრობდნენ და გრძნობდნენ "ჰამასისგან" დამალული ბავშვები - ეს ჩემს წარმოდგენას აღემატება. ისინი ბოროტებას და სისასტიკეს ჩადიოდნენ, მოახერხეს და "აისისიც" კი უფრო კარგად წარმოაჩინეს. ამერიკელები თქვენთან ერთად გლოვობენ. ნათელია - ისრაელმა უნდა უზრუნველყოს ყველაფერი, რაც საკუთარი თავის დასაცავად სჭირდებათ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ "ჰამასი" არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და ამ მოვლენებმა მათ ბევრი ტანჯვა მოუტანა. ძალიან დავმწუხრდი და აღვშფოთდი გუშინ ღაზას საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებით. იმის მიხედვით, რაც მე ვნახე, ჩანს, რომ, ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ. მაგრამ არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის ამაში დარწმუნებული. ასე რომ, ბევრი რამ უნდა გადავლახოთ. მნიშვნელოვანია ძალისხმევა უდანაშაულო პალესტინელების სიცოცხლის გადასარჩენად,რომლებიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მსოფლიო გვიყურებს - თუ როგორ მოვიქცევით, ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა მხარადაჭერისთვის. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ომის დროს ისრაელში ჩავიდა.

"ისრაელის მიმართ თქვენმა მხარდაჭერამ მკაფიო ხაზი გაავლო ცივილიზებულ ძალებსა და ბარბაროსულ ძალებს შორის. თქვენ "ჰამასის" ქმედება, დაასათაურეთ როგორც "აშკარა და აბსოლუტური ბოროტება" და ამას ზუსტად ასე ჰქვია. ჰამასმა ბავშვები მშობლების თვალწინ მოკლა, მშობლები კი შვილების თვალწინ. ადამიანები ცოცხლად დაწვეს და გამალებით ეძებდნენ იმ საიდუმლო ადგილებს, სადაც მშობლები საკუთარ ბავშვებს მალავდნენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ ის შიში და პანიკა, რაც ამ პატარებს დაეუფლათ ბოლო წუთებში, როდესაც მინისტრებმა მიაგნეს. 7 ოქტომბერს "ჰამასმა" მოკლა 1 400-მდე ისრაელელი, შეიძლება მეტიც. ეს იმ ქვეყანაში, სადაც 10 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ეს დაახლოებით ოცჯერ 11 სექტემბერია ამერიკისთვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ "ჰამასი" "აისისზე" უარესია. გერმანელმა კანცლერმა "ჰამასს" ახალი ნაციზმი უწოდა - თქვენ ორივე მართლები ხართ. ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა, რომ თავის დროზე ნაციზმი დაემარცხებინა, ახლაც ასე უნდა მოხდეს. ერთად უნდა დავამარცხოთ "ჰამასი". ისრაელი ერთიანია ამ საქმეში და ამ საფრთხეს მოვიშორებთ," - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დღის ამბები