06 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნაზე თანახმაა - ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

ომის მე-13 დღე ახლო აღმოსავლეთში - ეგვიპტე ღაზას სექტორში რაფაჰის გადასასვლელის გახსნას დათანხმდა - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა გაავრცელა, მოგვიანებით კი, ეგვიპტის ხელისუფლებამაც დაადასტურა.

ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებით, ორი ქვეყანა გაერო-ს მეთვალყურეობის ქვეშ შეთანხმდნენ, რომ ღაზას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. პირველ ეტაპზე ღაზაში 20-მდე სატვირთო მანქანა შევა. ჯო ბაიდენი ღაზის და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელებს 100 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას დაჰპირდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ლიბანის საზღვართან ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰეზბოლას" სამიზნეებს დაარტყეს. ცახალი განმარტავს, რომ შეტევა ისრაელში გასულ დღეს სროლის საპასუხოდ განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურის, ჰერცი ჰალევის თქმით, შესაძლოა ბრძოლის გაართოება დასჭირდეთ, თუკი მოწინააღმდეგეს სხვა მტერი შეუერთდება.

"ჩვენ ვმუშაობთ წესების მიხედვით. ჩვენ გაბრაზებული ვართ, მაგრამ თავი ხელში აგვყავს. ვიბრძვით მტკიცედ და ვრჩებით ადამიანებად, განსხვავებით მეორე მხარისგან, რომელიც ცხოველივით იბრძვის. ეს არ იქნება ხანმოკლე და შეიძლება, დაგვჭირდეს ბრძოლის გაფართოებაც, თუკი ბრძოლას სხვა მტერი შეუერთდება, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, როგორ გავფართოვდეთ," – განაცხადა ჰალევიმ.

ბოლო ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შედეგად პალესტინელების მხარეს 3 500 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ისრაელს 1400-მდე გარდაცვლილი ჰყავს.

დღის ამბები