15 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
"ინსტიტუტებს, სახელმწიფოს არ ენდობიან, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატიული, საშინელი, მწამებელი რეჟიმის ნდობა აქვთ" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კრიტიკაზე

"არცერთი კანონი, რაც არ უნდა დახვეწო და დემოკრატიული და ევროპული გახადო, [მათი შეფასებით] არ არის დემოკრატიული და ევროპული, რადგან ისინი არ ენდობიან ინსტიტუტებს, სახელმწიფოს, მარტო ენდობიან მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატიულ, საშინელ, მწამებელ რეჟიმს,"- ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს აპროტესტებს და ცენზურის ბერკეტის ამოქმედებაზე საუბრობს.

მისივე განცხადებით, კანონი სიტყვა-სიტყვით მიჰყვება შესაბამის ევროდირექტივას.

"კომუნიკაციების კომისია, მათი შეფასებით, ყოფილა ვიღაცის კონტროლქვეშ და ამიტომ, აპელაციას არ ჰქვია აპელაცია, რადგან ის ვიღაცის კონტროლს ქვეშ არის, ეს რა არგუმენტია?! ნებისმიერ ინსტიტუტზე ასე იტყვი მაშინ და არცერთი კანონი, რაც არ უნდა დახვეწო და დემოკრატიული და ევროპული გახადო, არ არის დემოკრატიული და ევროპული, რადგან არ ენდობიან ისინი ინსტიტუტებს, სახელმწიფოს, მარტო ენდობიან მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატიულ, საშინელ, მწამებელ რეჟიმს.

მაშინ იყო სახელმწიფო, როცა არაფერი არ იყო რეალურად და რამდენიმე ადამიანი წყვეტდა ყველაფერს?! მაშინ სახელმწიფო იყო და ახლა არ არის თურმე, არ მოსწონთ, ევროდირექტივაც რუსულია.

ბატონო დავით, გულწრფელად მადლობა, რადგან არგუმენტები გაქვთ, როგორც თხრობით ნაწილში, სამოტივაციო ნაწილშიც, იქიდან გამომდინარე, რომ, ამდენი ხნის განმავლობაში, დეტალებს მართლა სიტყვა-სიტყვით ჩავყევი და ევროდირექტივა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ [შესრულებულია], თავისი ზეპირი კონსულტაციიდან დაწყებული, მიმოწერით, პირადი მეილების გაცვლით გაგრძელებული, ამ დონეზე ჩაღრმავებულად წარმოდგენილი გაქვთ საკითხი, რომელიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასევე, სრულ შესაბამისობაშია ქართულ კანონმდებლობასთან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები 84 ხმით მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მესამე მოსმენაც დღეს დაიგეგმა - ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მთავარი სიახლე არის ის, რომ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

 

დღის ამბები